ფრანკფურტის აინტრახტის მთავარმა მწვრთნელმა, ოლივერ გლაზნერმა დაადასტურა, რომ ფილიპ კოსტიჩი გუნდიდან მიდის. გერმანული კლუბის ლიდერი ტურინის იუვენტუსს შეუთანხმდა.
“კოსტიჩის წასვლა ჩვენთვის დასუსტებას ნიშნავს. გასულ წელს მას ვუთხარი, რომ თუ დაგვტოვებდა, ეს გმირის სტატუსით უნდა გაეკეთებინა და ასეც მოხდა. ის ჩვენ ევროპალიგის გამარჯვებულის რანგში გვტოვებს, გმირის რანგში.” - განაცხადა 47 წლის სპეციალისტმა უეფას სუპერთასის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, დღეს ფრანკფურტის აინტრახტი უეფა-ს სუპერთასისთვის მადრიდის რეალს ჰელსინკიში დაუპირისპირდება. კოსტიჩი გუნდთან ერთად ფინეთის დედაქალაქში არ გამგზავრებულა.
გერმანული SPORT 1-ის ინფორმაციით, 29 წლის კოსტიჩის სანაცვლოდ იუვენტუსს აინტრახტისთვის 16 მილიონ ევრომდე გადახდა მოუწევს.