ამ ზღაპრული სახლების ნახვისას, რთულია იმის დაჯერება, რომ ეს ყველაფერი არა მულტფილმის სცენა, არამედ თანამედროვე იტალიის ერთ–ერთი ჩვეულებრივი დასახლებაა.ქალაქის ისტორია მე-17 საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება, როდესაც ამ საოცარ ადგილას გლეხები დასახლდნენ და მიწათმოქმედებას მიჰყვეს ხელი. ალბერობელოს მთავარი საგანძური მისი არქიტექტურა და ტრულოს ტრადიციული თეთრი სახლებია, რომელიც მშრალი წყობის მეთოდით არის ნაშენები და პირამიდისებრი სახურავებით გამოირჩევა.
აქ დასახლებულ გლეხებს უფლება არ ჰქონდათ
მშენებლობა მმართველი მონარქის ნებართვის გარეშე დაეწყოთ, ამიტომ მიმართეს გონივრულ ხერხს და ისეთი სახლების აშენება დაიწყეს, რომლის დანგრევა თანამდებობის პირების გამოჩენის შემთხვევაში ძალიან სწრაფად იყო შესაძლებელი. სახლის დანგრევა ერთ წუთში იყო შესაძლებელი. მათი წასვლის შემდეგ კი, ეს ტრული-სახლები კვლავ მარტივად აშენდებოდა.პატარა სახლების კედლები თეთრი ფერისაა. გუმბათებზე სხვადასხვა სიმბოლოები მოსჩანს, რომლებიც ასოცირდება მაგიასთან, კერპთაყვანისმცემლობასთან და ასევე ქრისტიანობასთან. მხოლოდ ერთი აგურის გამოცლა კმარა იმისათვის, რომ საცხოვრებელმა იერსახე სრულიად დაკარგოს, ეს პროცესი ტურისტებს დღემდე აღაფრთოვანებთ.
არქიტექტურა დღესაც ისეთივე ლამაზია, როგორც მისი შექმნის დროს. ზოგიერთი სახლი უცვლელია და პირვანდელი სახე დღემდე აქვს შენარჩუნებული. საუკუნეების განმავლობაში პატარა ქალაქმა შეძლო პროვინციული იტალიის უნიკალური სულის შენარჩუნება.ალბერობელოში ჩასვლისთანავე უნდა ეწვიოთ რიონ მონტის კვარტალს, რომელიც „ტრულის ზონაში“ მდებარეობს. კვარტალი შემაღლებულ ადგილასაა და იქ 1000-მე მეტი ტრულია თავმოყრილი. აქ არაერთ მაღაზიას შეხვდებით, სადაც ტრადიციული სუვენირების შეძენას შეძლებთ. თუ გამყიდველი თქვენ მაღაზიაში შეყვანას შეძლებს, დამერწმუნეთ სუვენირსაც აუცილებლად შეგაძენინებთ.
აუცილებლად უნდა მოინახულოთ აია პიკოლას რაიონი, სადაც 500-მდე ტრულს შეხვდებით. იქაურ ადგილობრივებს გნომებს უწოდებენ. ისინი გამოსული არიან ქუჩაში და ტურისტებს საკუთარ სახლებში ეპატიჟებიან. მათთან სტუმრობა საშუალებას გაძლევთ ეს უნიკალური სახლები შიგნიდან დაათვალიეროთ და მათ საინტერესო ინტერიერს გაეცნოთ. ასევე საშუალება გეძლევათ დატკბეთ საუკეთესო ხედებით.ქალაქში წმინდა ანტონიოს ეკლესიას შევხვდებით, რომელიც განსხვავებული და არატრადიცული სტილით არის აშენებული.ქალაქში ხუთშაბათს დილით არის ქუჩის ბაზარი, სადაც ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლიათ ტრადიციული ნივთების, ტკბილეულის და სხვადასხვა პროდუქტის შეძენა.თუ ალბერობელოში მოგზაურობას გადაწყვეტთ, გირჩევთ ქალაქ ბარიდან მატარებლით გაემგზავროთ, ან მანქანა იქირაოთ, რაც მეტად კოფორტულია. ასე გზად კიდევ ბევრი ადგილის მონახულებას შეძლებთ.