მართალია, ფაფუკი ბეწვისა და საოცრად მომხიბვლელი გარეგნობის წყალობით ჩაუ-ჩაუ პლუშის დათუნიას შთაბეჭდილებას ტოვებს, ვისთან თამაშიც მხოლოდ სიამოვნებაა, მაგრამ ერთი შეხედვით უწყინარი იერის მიღმა ამოუცნობი ხასიათი, უამრავი მითი და ლეგენდა იმალება.
უნიკალური ჩაუ-ჩაუ ერთ-ერთ უძველესი ჯიშია, რომელიც ჩინეთში გაჩნდა და ჯერ გუშაგის ფუნქციას ასრულებდა, მერე ველურ ცხოველზე ნადირობდა, დღეს კი, საუკეთესო კომპანიონად ითვლება, რადგან წინაპრების იდუმალებით მოცული ხასიათი და საუკეთესო თვისებები შეინარჩუნა.
მდუმარება და გამძლეობა, დამოუკიდებელი ხასიათი და სისუფთავის სიყვარული, ენის სილურჯე და სიარულის უჩვეულო მანერა, სიფრთხილე და მოხერხებულობა - სწორედ ამ თავისებურებებით ხასიათდება საოცარი ძაღლი, რომელმაც აღმოსავლური ლეგენდის თანახმად „ღამის ცასაც კი აუსვა ენა“.
ჯიშების უმეტესობის მსგავსად ჩაუ-ჩაუს წარმომავლობაც ნაკლებად გამოკვლეული და შესწავლილია. კინოლოგების მტკიცებით ძაღლი, რომელსაც ხან „ბარბაროსების ან ველური მომთაბარეების ძაღლს, ხან „მან-კუს“ უწოდებდნენ, 4 ათასი წლის წინ გაჩნდა, თუმცა პირველად მე-11 საუკუნის დოკუმენტებში იქნა მოხსენიებული. სხვათა შორის, ჩაუ-ჩაუმ მარკო პოლოც კი გააოცა, რომელმაც საოცარ ცხოველს „აზიელი ლომ-ძაღლი“ უწოდა და საკუთარ მოგზაურობაში აღწერა.
მართალია, მეცნიერთა ნაწილის აზრით „დათვისებრი“ ჩაუ-ჩაუ ტიბეტელი მასტიფის და ციმბირული ჯიშების შთამომავალია, მაგრამ ნაწილი მას კეესჰონდისა და ნორვეგიული მონადირე ძაღლების მემკვიდრედ მიიჩნევს, რომელიც არავინ იცის როგორ აღმოჩნდა მონღოლეთში, ჩინეთში კი, სწორედ მომთაბარე მონღოლთა ტომების წყალობით მოხვდა.
ბარბაროსების მხარდამხარ მებრძოლმა მრისხანე ძაღლმა გამოცდილი ჩინელი მებრძოლებიც გააოგნა, რადგან ერთი ნახტომით ცელავდა მტერს, რომელსაც მისი პატრონი კლავდა. მოგვიანებით უშიშარი ძაღლი ჩინელ მმართველთა და არისტოკრატთა ოჯახებში დაბინავდა, რომელთაც ჯეროვნად დააფასეს ჩაუს უჩვეულო გარეგნობა, საოცარი თვისებები და მისი აქტიურად მოშენება გადაწყვიტეს, თუმცა გავრცელებული აზრის მიუხედავად, არასდროს უცდიათ საკვებად გამოყენება.
მართალია, თავიდან ჩაუ ჩინეთის ჩრდილოეთში გავრცელდა, მაგრამ დღეს მხოლოდ სამხრეთული კანტონების ბინადრად ითვლება. აღსანიშნავია, რომ ძაღლის გაწვრთნას ჩინელები ადრეული ასაკიდანვე იწყებდნენ და რამდენიმე თვის ლეკვს ან ნადირობას და სახლის დაცვას, ან ციგის გაწევასა და შინაური პირუტყვის მწყემსვას ასწავლიდნენ. სხვათა შორის, ტანის დინასტიის ერთ-ერთ იმპერატორს, ძაღლების განსაკუთრებულ მოყვარულ ტაი-ძუნს 5 ათასი ჩაუ ჰყავდა, რომელთაც 10 ათასზე მეტი სპეციალურად მომზადებული ადამიანი უვლიდა. იმპერატორი მხოლოდ დიდგვაროვან სტუმრებს ჩუქნიდა ჩაუ-ჩაუს ლეკვს, რითაც უდიდესი ნდობისა და პატივისცემას გამოხატავდა.
მართალია, მსოფლიომ ძაღლი ჩაუ-ჩაუს სახელით გაიცნო, მაგრამ მშობლიურ ჩინეთში მას სონგში ცზანი ჰქვია, ჩაუ-ჩაუ კი - ჩინური პიჯინ-ინგლისური ტერმინია (pidgin - გამარტივებული სასაუბრო ენა, რომელიც სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ორი ან მეტი ეთნიკური ჯგუფის ურთიერთობის დროს გამოიყენება), რომელიც მე-18 საუკუნის ჩინეთში ყველაფერ უჩვეულოს, მათ შორის ევროპელებისთვის უცხო ფაიფურს, სამშვენისებს ეწოდა. მართალია, ძაღლი ცოცხალი არსება იყო, მაგრამ გარეგნობის წყალობით მაინც სუვენირებსა და სათამაშოებთან გაიგივდა, სახელი კი, იმ ვაჭრების წყალობით შეიძინა, ვინც ნაკლებად ზრუნავდა ევროპაში გასაგზავნი ტვირთის სწორად მარკირებაზე.
ძაღლების უმრავლესობისგან განსხვავებით, რომელთაც ჩვეულებრივ 42 კბილი აქვთ, ჩაუ-ჩაუ მთელი 44 კბილის მფლობელია. ამასთანავე, ძაღლს სრულიად უჩვეულო - მოშავო-იისფერი ენა აქვს. მართალია, ლეკვი სტანდარტული ვარდისფერი ენით იბადება, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად საგრძნობლად მუქდება. სხვათა შორის, ამავე ფერის ენით მხოლოდ ჩინურ შარპეის შეუძლია დაიკვეხნოს. აღსანიშნავია, რომ სხვა ძაღლებისგან ჩაუს უკანა კიდურების უცნაური - აბსოლუტურად სწორი აგებულებაც გამოარჩევს, რაც მის სვლასა და მოძრაობას ერთგვარ არაბუნებრიობას მატებს.
ჩაუ-ჩაუს საერთაშორისო კლუბის თანახმად, სუფთა სისხლის ძაღლი მხოლოდ ხუთ ფერში - შავად ან ლურჯად, კრემისფრად, ყავისფრად ან მოწითალო-აგურისფრად შეიძლება იყოს შეფერილი, ბალანი კი, გლუვი და სწორი, ან უხეში და მქისე უნდა ჰქონდეს. აღსანიშნავია, რომ სქელბალნიანი ჩაუ-ჩაუ პატრონმა მაქსიმალურად უნდა მოარიდოს ძაღლი წყალში ჭყუმპალაობას, რადგან წყლით გაჟღენთილმა და დამძიმებულმა ბეწვმა თავისუფლად შეიძლება ფსკერისკენ წაიღოს.
მომხიბვლელი გარეგნობის მიუხედავად ჩაუ არასდროს ენდობა უცხოებს, რომელთა მიმართ საოცარ აგრესიას ავლენს. მეტიც, ძაღლმა სწორედ საკუთარი სიავითა და აგრესიით გაიფუჭა რეპუტაცია, როცა სადაზღვევო კომპანიებმა ერთხელ და სამუდამოდ თქვეს უარს მისი მფლობელის დაზღვევაზე. ამასთანავე, ჩაუ-ჩაუ მხოლოდ ერთ პატრონს აღიარებს, რომელსაც ეჩვევა და თავსაც გასწირავს მისთვის, ოჯახის სხვა წევრების მიმართ კი, აბსოლუტურად გულგრილია და მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ანებივრებენ სიყვარულით, მით უფრო, რომ ფანტასტიკური მეხსიერების წყალობით ჩაუ მთელი ცხოვრება იმახსოვრებს წყენას და ლეკვობაში განაწყენებული ზრდასრულ ასაკშიც უბრაზდება მას, ვინც ბავშვობაში დაწყვიტა გული.
სიმართლეს არ შეეფერება, მოსაზრება თითქოს ჩაუ ზედმეტად აგრესიულია სხვა შინაურ ცხოველებთან და საკუთარ ნათესავებთან ურთიერთობაში. სინამდვილეში, ნაცნობი ძაღლების მიმართ ჩაუ ყოველთვის კეთილადაა განწყობილი და თამაშიც ძალიან მოსწონს, თუმცა ზედმეტი ფამილარობის უფლებას არავის აძლევს.
ვერ დარჩა გულგრილი ჩაუ-ჩაუს მიმართ ვერც ზიგმუნდ ფროიდი, რომელმაც ოთხფეხა მეგობარს ჯოფი დაარქვა. ცნობილი ფსიქოანალიტიკოსის აზრით, ფუმფულა ძაღლი მეტყველი თვალებითა და საოცრად კეთილი სახით, პაციენტებს უხერხულობის დაძლევასა და მოდუნებაში, თვითონ კი, მათი მონაყოლის გაანალიზებაში ეხმარებოდა. სხვათა შორის, ჯოფი პატრონზე სწრაფად ცნობდა აგრესიულ პაციენტებს და უარს ამბობდა მათთან თამაშზე.
უოლტ დისნეიმ კი, შობის დღესასწაულზე უსახსოვრა მეუღლეს ჩაუ-ჩაუს ლეკვი, რომელიცმეტი ეფექტურობისთვის შლაპის უზარმაზარ ყუთში ჩასვა და ძალიან გული დაწყვიტა შლაპების სოლიდური კოლექციის მფლობელ ლილიანს, რადგან განსხვავებულ საჩუქარს ელოდა და მხოლოდ მაშინ გაიხარა, როცა ყუთიდან ფუმფულა ლეკვმა ამოყო თავი. სხვათა შორის, სცენა საკუთარი ცხოვრებიდან დისნეიმ მოგვიანებით მულტფილმში „ქალბატონი და მაწანწალა“ გამოიყენა.