Google-მა სამსახურიდან გაათავისუფლა ერთ-ერთი ინჟინერი, რომელმაც განაცხადა, რომ კომპანიის ხელოვნური ინტელექტის სისტემას გრძნობები აქვს, - ამის შესახებ BBC წერს.
გასულ თვეში, ბლეიკ ლემუანმა გამოაქვეყნა თავისი თეორია, რომლის მიხედვითაც Google-ის ენობრივი ტექნოლოგია მგრძნობიარეა და ამიტომ მის „სურვილებს“ პატივი უნდა ვცეთ.
სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, მან BBC-ს განუცხადა, რომ იურიდიულ კონსულტაციებს გადის და დამატებითი კომენტარისგან თავს იკავებს.
Google-ი განმარტავს, რომ ყოფილი თანამშრომლის მტკიცება დიალოგის აპლიკაციების ენის მოდელის, Lamda-ს შესახებ „სრულიად უსაფუძვლოა“ და კომპანია მასთან „მრავალი თვის განმავლობაში“ მუშაობდა ამის გასარკვევად.
„სამწუხაროა, რომ მიუხედავად ამ თემაზე ხანგრძლივი საუბრისა, ბლეიკმა მაინც არჩია, დაჟინებით დაარღვიოს დასაქმებისა და მონაცემთა უსაფრთხოების მკაფიო პოლიტიკა, რომელიც პროდუქტის ინფორმაციის დაცვის აუცილებლობას მოიცავს“, - ნათქვამია განცხადებაში.
Google-ის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ სისტემა Lamda თვითაზროვნებას ავლენს და შეუძლია ისაუბროს რელიგიაზე, ემოციებსა და შიშებზე. სწორედ ამიტომ, მას სჯერა, რომ სისტემის შთამბეჭდავი ვერბალური უნარების მიღმა, შესაძლოა, მგრძნობიარე გონებაც იმალებოდეს.