უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 31 ივლისის დილის ექვსი საათის მდგომარეობით რუსეთის შეჭრის შესახებ ოპერატიულ ინფორმაციას აქვეყნებს. მათი ცნობით, რუსული ჯარები დონეცკის რეგიონში უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე თავდასხმისთვის ავიაციას იყენებენ.
უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის თავდაცვის ძალების შეზღუდვის მიზნით, ბელორუსმა თავისი შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის შესამოწმებლად ზომების გატარების ვადა 2022 წლის 6 აგვისტომდე გაახანგრძლივა.
როგორც უკრაინის გენშტაბი იტყობინება, სლობოჟანსკის მიმართულებით რუსული ჯარები საომარ მოქმედებებს უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ აწარმოებენ. ხარკოვის მიმართულებით კი რუსმა დამპყრობლებმა დასახლებებზე ცეცხლის გასახსნელად ტანკები, ქვემეხი და სარაკეტო არტილერია გამოიყენეს.
გენშტაბი აღნიშნავს, რომ დონეცკის მიმართულებით რუსი ოკუპანტები ცდილობენ გააუმჯობესონ ტაქტიკური პოზიცია ბახმუტისა და ავდიივკის მიმართულებით. ზაპოროჟიეს მიმართულებით კი რუსეთის ჯარებს აქტიური მოქმედებები არ განუხორციელებიათ.