გერმანული დოგი, რომელსაც ხშირად „ძაღლების აპოლონსაც“ უწოდებენ, პირველ რიგში არისტოკრატული გარეგნობით და მეფური დიდებულებით იმსახურებს პატივისცემას. მართალია, ფიზიკური მონაცემების წყალობით გოლიათი დოგი აგრესიული ცხოველის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ სინამდვილეში, გარეგნული მრისხანება მშვიდ ხასიათს და ბრწყინვალე ინტელექტს, პატრონის უანგარო სიყვარულსა და ერთგულებას მალავს. მეტიც, მშვიდობისმოყვარე დოგი არასდროს ავლენს აგრესიას პირველი, თუმცა პროვოცირების შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მისგან თავის დაღწევა.
გერმანელი გიგანტი, რომელიც ტიბეტელი დოგის შთამომავლად ითვლება, ერთ-ერთი უძველესი ჯიშია, რადგან სწორედ აზიელი წინაპარია მოხსენიებული ჩვენს ერამდე მე-12 საუკუნის დოკუმენტებში, მისი გამოსახულება კი, რუნიულ ქვებზეა ნაპოვნი. ტიბეტელი ძაღლები ყოველთვის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდნენ აზიაში, რადგან არა მხოლოდ მონასტრებს იცავდნენ მომხდურებისგან, არამედ შინაურ პირუტყვსაც პატრონობდნენ.
საუკუნეების მანძილზე უძლეველი დოგი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. მეტიც, მეცნიერებმა ძაღლის ნამარხი ისტორიული ბრძოლების ადგილებშიც კი მოიძიეს, რაც ნათლად ადასტურებს, რომ ოთხფეხა მეგობარი არც საომარი მოქმედებების დროს ღალატობდა პატრონს. სხვათა შორის, უძველეს საბერძნეთში, სადაც დოგის გამოსახულება მონეტებს ამშვენებდა, თავად არისტოტელე იყო აღფრთოვანებული მისი გამძლეობითა და ბრძოლისუნარიანობით, რაც საკუთარ ტრაქტატებშიც არაერთხელ აღნიშნა.
თანამედროვე ევროპაში ძაღლი, რომელსაც ბევრი შეცდომით დანიურ ჯიშებს მიაკუთნებს, სხვებზე ადრე გერმანელმა დიდგვაროვნებმა შეიყვარეს, რომელთაც ერთის მხრივ, საკუთარი მამულების დასაცავად, მეორეს მხრივ, ტახებზე სანადიროდ გადაწყვიტეს გოლიათი ძაღლის მოშენება, რადგან სწორედ დოგი აღმოჩნდა ერთადერთი, ვინც ღირსეულ კონკურენციას უწევდა გარეული ცხოველს. მართალია, 1880-იანი წლების მეორე ნახევარში გერმანელებმა სრულად მიისაკუთრეს ჯიში და კატეგორიულად აკრძალეს მისი დანიელი წინაპრების მოხსენიება, მაგრამ ინგლისურენოვან ქვეყნებში დოგს დღესაც Great Dane-ს ანუ „უზარმაზარ დანიელს“ უწოდებენ.
შთამბეჭდავი გაბარიტების, თუმცა პროპორციული აღნაგობის დოგის სიმაღლე სულ მცირე 80 სანტიმეტრს, წონა კი, 55 კილოგრამს შეადგენს. თუმცა, მასიური ჩონჩხისა და მძიმე ძვლების წყალობით მამალი უფრო სოლიდურად გამოიყურება, ვიდრე დედალი, ამასთანავე, მამალს უფრო მკვეთრად გამოხატული კვადრატული კორპუსი აქვს დედლის ოდნავ წაგრძელებული ტანის ფონზე. განსაკუთრებულ ელეგანტურობას ძაღლს კარგად განვითარებული გულის ფიცარი და მოძრავი ნეკნები, ძლიერი დაკუნთული ფეხები და გრძელი კუდი მატებს, რომელიც სათავეში ფართო ბოლოსკენ ვიწროვდება.
თავის ზედა ნაწილში მოქცეული სამკუთხა ყურები ბუნებრივ მდგომარეობაში ძაღლს დაშვებული აქვს და პრაქტიკულად ლოყებს სწვდება. მართალია, საუკუნეების წინ სავალდებულო იყო ყურების კუპირება, რადგან დოგი მეტწილად მონადირის ფუნქციას ასრულებდა, მაგრამ დღეს მსგავს პროცედურას მხოლოდ კოსმეტიკური დანიშნულება აქვს.
ცალკე აღნიშვნის ღირსია დოგის შეფერილობა, რომელიც განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რადგან ძაღლის მოკლე, თუმცა საოცრად რბილი და მბზინავი ბალანი ერთიანად შავიც შეიძლება იყოს, მოცისფრო-ნაცრისფერიც და შავ-თეთრში აჭრელებულიც.
თანდაყოლილი ინტელექტისა და მშვიდი ხასიათის წყალობით გერმანელი გოლიათი მხოლოდ კომპლიმენტებს იმსახურებს. მართალია, აქტიურ და მოუსვენარ ლეკვს, რომელსაც ძალიან უყვარს თამაში და ცელქობა, სერიოზული ფიზიკური და მატერიალური ზარალის მიყენება შეუძლია, რადგან ნაკლებად აცნობიერებს საკუთარ ძალასა და გაბარიტებს, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად დამშვიდებული და დადინჯებული, ყოველთვის საუკეთესო მეგობარი და საიმედო კომპანიონია, ოჯახის სუსტი წევრების დამცველის მკვეთრად გამოხატული ინსტიქტი კი ძაღლს, პატარების „მზრუნველ ძიძად“ აქცევს, რადგან არავის აძლევს მათი დაჩაგვრის უფლებას.
მშვიდი, ხშირად გულგრილი მზერის წყალობით დოგი ფლეგმატური ძაღლის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა სინამდვილეში ცხოველი მუდმივ „მონიტორინგს“ უწევს გარემოს, მაქსიმალურად აკონტროლებს სიტუაციას და ყოველთვის მზადაა საკუთარი უპირატესობის დემონსტრირებისა და ლიდერობის დასამტკიცებლად. მართალია, ძაღლი ნაკლებად სწყალობს დაუპატიჟებელ სტუმრებს, რადგან საკუთრებად მიიჩნევს ოჯახს, რომელშიც გაიზარდა, მაგრამ არასდროს ერჩის მეზობლებსა და შემთხვევით გამვლელებს. გამონაკლისს მხოლოდ გაუწონასწორებელი, არასტაბილური ფსიქიკის ძაღლი წარმოადგენს, რომელიც ძალადობას ან არასწორ აღზრდას ემსხვერპლა.
გიგანტური გაბარიტების მიუხედავად, დოგი სახლის ძაღლია და საოცრად შეურაცხყოფილად გრძნობს თავს ეზოში დაბინავების შემთხვევაში, მით უფრო, რომ ზედმეტად კომუნიკაბელურს ორფეხა ოჯახის წევრებთან უფრო მოსწონს დროსტარება, ვიდრე ოთხფეხა ნათესავებთან, ამიტომ ძალიან მტკივნეულად განიცდის პატრონთან განშორებას. მეტიც, ძაღლმა შეიძლება იმდენად მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღოს, რომ ჯერ საკვებზე თქვას უარი, მერე სიცოცხლის ხალისი დაკარგოს და დაიღუპოს.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე მასიურ გერმანულ დოგად „ზევსი“ ითვლება ამერიკიდან, რომელიც თავისი 111 სანტიმეტრით მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში, არ ჩამორჩა შორეულ ნათესავს არც „გიგანტი ჯორჯი“, რომლის სიმაღლემ მხოლოდ 109 სანტიმეტრი შეადგინა, თუმცა 112 კილოგრამით დაჯაბნა გინესის რეკორდსმენი.