ინგლისური ბულდოგი, რომელსაც აკურატულობისა და თანდაყოლილი გონიერების, თავშეკავებისა და აუღელვებელი ხასიათის წყალობით ხშირად „ნამდვილ ბრიტანელ ჯენტლმენს“ უწოდებენ, არა მხოლოდ საუკეთესო მცველი, არამედ ბრწყინვალე კომპანიონი და ერთგული მეგობარია, რადგან ყოველთვის გრძნობს პატრონის განწყობას, მასავით ხარობს და მასავით განიცდის ყველა წვრილმანს. მართალია, სპეციფიური გარეგნობის გამო ნაკლებად გაბარიტული, ჯმუხი „ინგლისელი“ ბევრს ავი და აგრესიული ჰგონია, მაგრამ სინამდვილეში, ბულდოგი საოცრად მშვიდი და გაწონასწორებული, თუმცა ძალიან ზარმაცი და ჯიუტი ძაღლია.
კინოლოგები დარწმუნებული არიან, რომ ბულდოგი უძველესი რომაული მასტიფის, ძველბერძნული დოგისა და კელტური ნაგაზის შთამომავალია, რომელიც ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში მოიხსენიეს ისტორიულ დოკუმენტებში. თუმცა, აღიარება ნისლიან ალბიონზე ბულდოგმა მხოლოდ ორი საუკუნის შემდეგ მოიპოვა, როცა რადიკალურად განსხვავებული ძაღლის გენების გაერთიანებით, სელექციონერებმა ზედმეტად აგრესიული ჯიში გამოიყვანეს იმ პერიოდში პოპულარული თავშესაქცევის - ხარებთან „გლადიატორულ“ ბრძოლებში მონაწილეობისთვის და სახელიც ზუსტად მოარგეს, რადგან „ბულდოგი“ სწორედ „ხარების ძაღლს“ ნიშნავს.
სასტიკი ბრძოლები სისტემატურად იმართებოდა სპეციალურად მოწყობილ არენაზე და პრაქტიკულად ყოველთვის ფატალურად სრულდებოდა ბულდოგისთვის, რადგან ან გარეულ პირუტყვთან დაპირისპირებაში მარცხდებოდა, ან გამარჯვებულს, თუმცა დასახიჩრებულს და სრულიად უუნაროს საკუთარი პატრონი კლავდა.
მართალია, 1835 წელს მსგავსი ატრაქციონი აიკრძალა, მაგრამ ბულდოგიც გადაშენების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, რადგან თანდაყოლილ ინსტინქტებს მოკლებულმა და უფუნქციოდ დარჩენილმა სერიოზული დეგრადაცია განიცადა. თუმცა, ისევ სელექციონერებმა იმარჯვეს, რომელთაც სუფთა სისხლის ბულდოგებს მთელი ბრიტანეთიდან მოუყარეს თავი და ახალი, სრულიად განსხვავებული - გაწონასწორებული და ნაკლებად აგრესიული ჯიში გამოიყვანეს, რომელიც პირველად 1859 წელს ბირმინგემში მოწყობილ გამოფენაზე წარადგინეს. ერთი წლის შემდეგ ბულდოგის პირველი კლუბი შეიქმნა, რომელმაც ჯიშის სტანდარტები განსაზღვრა, მოგვიანებით კი, შეერთებული შტატებში გავრცელდა, სადაც საზღვაო ფეხოსანთა არაოფიციალურ სიმბოლოდ იქცა.