პარტიაში დავიწყეთ მსჯელობა და საუბარი, რომ შესაძლოა, ბოლო სასაუბროც კი აღუკვეთოთ „ქართულ ოცნებას“ და მათ შორის სამუშაო ჯგუფებშიც მივიღოთ მონაწილეობა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.
ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მიუხედავად ოპოზიციის არგუმენტებისა, ევროპარლამენტარების თხოვნა იყო, რომ ოპოზიციამ ნებისმიერი საშუალება გამოიყენოს, რათა არ მისცეს საშუალება „ქართულ ოცნებას“ პროცესი ჩიხში შეიყვანოს.
„ჩვენ გვაქვს მწარე გამოცდილება სამუშაო ჯგუფებში მუშაობის „ქართულ ოცნებასთან“,მაშინ როდესაც სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით 8 თვეა შექმნილია სამუშაო ჯგუფი და ამ 8 თვის განმავლობაში 3 სხდომა იყო ჩატარებული და 3 სხდომაზე ვაყენებთ საკითხს, რომ მივიღოთ, დავადგინოთ, როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რა ფორმატით, ინიციატივებს როგორ ვაჟღერებთ... ევროპარლამენტარებისთვის ეს გასაზიარებელია და ევროპარლამენტარებისთვის თანამედროვე სახე „ქართული ოცნების“ უკვე ცნობილია. ადრე თუ ისინი შეფარვით ცდილობდნენ პროდასავლურობის წარმოჩენას, ბოლო პერიოდმა განსაკუთრებით აჩვენა, რომ „ქართულ ოცნებას“ მკვეთრად აღებული აქვს საგარეო კურსი ჩრდილოეთისკენ. ეს გასაგებია და მიუხედავად ჩვენი არგუმენტებისა მათი თხოვნა იყო, რომ ოპოზიციას ნებისმიერი საშუალება გამოგვეყენებინა იმისათვის, რომ არ მიგვეცა საშუალება „ქართული ოცნებისთვის, რომ ეს პროცესი რამენაირად ჩიხში შეეყვანა და ოპოზიციისკენ გაეშვირა ხელი. ჩვენთვის მათი ეს გზავნილი მნიშვნელოვანია, ეს განმსაზღვრელიც არის, ჩვენ პარტიაში დავიწყეთ ამაზე მსჯელობა და საუბარი, რომ შესაძლოა ეს ბოლო სასაუბროც კი „ქართულ ოცნებას“ აღუკვეთოთ და მათ შორის სამუშაო ჯგუფებშიც მივიღოთ მონაწილეობა.
ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი კონსულტაციები არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ექსპერტებთან, ვენეციის კომისიასთან და სტრასბურგის შესაბამის ინსტიტუციებთან, რომ ამ პროცესში ჩვენ სტატისტიკური მონაწილეები კი არ ვიყოთ, არამედ კონკრეტული კანონპროექტები შევთავაზოთ. იმიტომ, რომ ჩვენ არ უნდა მივცეთ „ქართულ ოცნებას“ ინტერპრეტაციის საშუალება 12 პუნქტიანი გეგმის, რის საშიშროებასაც ვხედავთ.
ამაზე უკვე მიდის პარტიაში მსჯელობა იმიტომ, რომ იმდენად მკვეთრი, იმდენად ცხადი თხოვნა იყო და ევროპარლამენტარებისთვის გასაგებია ეს ფორმატი და საითკენ მიჰყავს „ქართულ ოცნებას“ ეს ვითარება ამიტომ იყო თხოვნა, შუამდგომლობა, რომ გამოვრიცხოთ შესაძლებლობა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოახდინოს საბოტაჟი პროცესის“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.