ყაზახეთი ხორბლის ექსპორტს ზრდის - საქართველო პრიორიტეტულ მიმართულებებშია - Palitra News

ყაზახეთი ხორბლის ექსპორტს ზრდის - საქართველო პრიორიტეტულ მიმართულებებშია

2022-07-21 07:33:00+04:00

ყაზახეთის მთავრობა მარცვლეულის, კერძოდ კი, ხორბლისა და ფქვილის ექსპორტის გაზრდას გეგმავს და ახალი ბაზრების მოსაძიებლად მუშაობს. ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება კი კავკასიის რეგიონი და შესაბამისად, საქართველოც იქნება. ამის შესახებ ადგილობრივ მედია Kazinform-ს ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს.

ყაზახური ხორბლის მთავარი შემსყიდველები, როგორც წესი, ავღანეთი და ცენტრალური აზიის ქვეყნები არიან, თუმცა, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ გეოპოლიტიკური მდგომარეობა შეიცვალა - ორივე ქვეყანა ხორბლის უმსხვილესი ექსპორტიორია, თუმცა ახლა ბაზრებს მარცვლეული შეფერხებით მიეწოდება, ყაზახეთში კი შექმნილ ვითარებაში ახალ შესაძლებლობებს ხედავენ.

აპრილიდან ყაზახეთში ხორბლისა და ფქვილის ექსპორტზე კვოტა მოქმედებს. თავდაპირველი გადაწყვეტილებით, შეზღუდვა 15 ივნისამდე იმოქმედებდა და ქვეყნიდან მხოლოდ 1 მლნ ტონა ხორბლისა და 300 000 ტონა ფქვილის გატანა იქნებოდა დაშვებული. მოგვიანებით, გადაწყვეტილება შეიცვალა და კვოტა პირველ სექტემბრამდე გახანგრძლივდა, თუმცა გაიზარდა საექსპორტო რაოდენობა - ახლა ქვეყნიდან 1.55 მლნ ტონა ხორბლისა და 670 000 ტონა ფქვილის გატანაა შესაძლებელი.