ესპანელი ბიზნესმენი, უმსხვილესი ტრანსნაციონალური კომპანიის Inditex-ის დამფუძნებელი ამანსიო ორტეგა, რომელიც მხოლოდ საკუთარი წესებითა და პრინციპებით ცხოვრობს, არასდროს ცდილობდა კაპიტალის დაგროვებას დიდებისა და პოპულარობის მოსაპოვებლად. მეტიც, 2017 წელს Forbes-ის მიერ პლანეტის უმდიდრეს ადამიანად დასახელებული ორტეგა, რომელსაც კოლეგები „ყველაზე კარჩაკეტილ მილიარდერს“ უწოდებენ, მაქსიმალურად გაურბის საჯარო გამოსვლებს და პრესასთან ურთიერთობას, რესპექტაბელურ წვეულებებს და პირადი ცხოვრების ზედმეტად აფიშირებას.
აღსანიშნავია, რომ თანამედროვე მილიარდერებისგან - ბილ გეიტსის, მარკ ცუკერბერგისა და ილონ მასკისგან განსხვავებით, ყოფილმა თერძმა ნულიდან დაიწყო საკუთარი საქმე და არა ვირტუალური, არამედ ტექსტილის აბსოლუტურად მატერიალური იმპერია შექმნა, რომელმაც რამდენიმე ათეული ცნობილი ბრენდი, მათ შორის Zara და Massimo Dutti, მილიონობით თაყვანისმცემელი და 7 ათასზე მეტი მაღაზია გააერთიანა მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში.
ამანსიო ორტეგა გოანა 1936 წლის 28 მარტს დაიბადა ესპანეთის პატარა ქალაქ ბუსდონგო დე არბასში. მისი მამა - ანტონიო ორტეგა როდრიგესი რკინიგზაზე მსახურობდა, დედა - ხოსეფინა გოანა ერნანდესი კი, მოახლედ მუშაობდა მდიდარ ოჯახში. მართალია, უფროს ძმასთან და უმცროს დებთან ერთად ამანსიო სიღარიბეში გაიზარდა, მაგრამ დედის დამსახურებით მაინც ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა, „უბრალო, თუმცა არაჩვეულებრივი ქალი იყო, მთელი ოჯახი მას შევცქეროდით, რადგან სწორედ ის იყო ჩვენი საყრდენი“, - აღნიშნა ორტეგამ, რომელსაც სწორედ დედამ შეარქვა ზედმეტსახელად „ჩოლინო“, რაც ესპანური pochola-ს კნინობითი ფორმაა და „ტკბილს“ ნიშნავს.
1944 წელს უფროსმა ორტეგამ სამსახური შეიცვალა და ოჯახი გალისიის რეგიონში, ქალაქ ლა-კორუნიაში გადასახლდა, რომელსაც ამანსიო ყოველთვის მშობლიურ ქალაქად მიიჩნევდა. დაწინაურების მიუხედავად, ანტონიომ მაინც ვერ შეძლო ოჯახის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, ამიტომ დონა ხოსეფინას ხშირად უწევდა პროდუქტის ვალით შეძენა. არასასიამოვნო ინციდენტს, როცა ადგილობრივი საბაყალოს პატრონმა დედას უარი უთხრა კრედიტზე და საჯაროდ მიაყენა შეურაცხყოფა, ამანსიო 13 წლის ასაკში შეესწრო, „არასდროს დამავიწყდება მისი შეცბუნებული სახე და აცრემლებული თვალები, რადგან შიმშილზე მეტად სირცხვილი სტანჯავდა“, - გაიხსენა ორტეგამ, რომელიც ზედმეტად ემოციურ, მგრძნობიარე ბავშვად იზრდებოდა და ყველა წვრილმანს მტკივნეულად განიცდიდა, თუმცა, საშინლად შეურაცხყოფილმა სწორედ მაშინ გადაწყვიტა, სწავლაზე უარის თქმა და მუშაობის დაწყება, რათა აღარასდროს გამხდარიყო მსგავსი დამცირების მოწმე.
ოჯახის დახმარების სურვილით ამანსიო ატელიე Gala-ში მოეწყო კურიერად, სადაც არა მხოლოდ შეძლებული კლიენტების დაკვეთას ასრულებდა, არამედ პერანგების კერვასაც სწავლობდა. სხვათა შორის, Gala-ს ატელიე, რომელიც ლა-კორუნიას ცენტრში, ხუან ფლორენსის ქუჩაზე მდებარეობს და ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად ითვლება, დღესაც ფუნქციონირებს, თუმცა მეპატრონე ძალიან წუხს, რომ უამრავი სტუმრის მიუხედავად, სამოსის შეძენა არავის უნდა, რადგან ცნობისმოყვარეები მხოლოდ ორტეგას ისტორიით ინტერესდებიან.
Gala-ში გამოცდილების შეძენის შემდეგ ამანსიომ ბევრად სოლიდურ მაღაზიაში La Maja-ში გადაინაცვლა, სადაც მთელი 10 წელი იმუშავა და მომავალი მეუღლე როსალია მერა გაიცნო.
აღსანიშნავია, რომ ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდა არასდროს იზღუდებოდა საკუთარი მოვალეობის შესრულებით და მაქსიმალურად ცდილობდა ყველა სფეროს დეტალურად შესწავლას. სწორედ მოდის სამყაროს ახლოს გაცნობის შემდეგ აღმოაჩინა ორტეგამ რამდენად მცირე, ნაკლული იყო ელიტარული სამოსის ბაზარი და სწორედ მაშინ გადაწყვიტა მისი საზღვრების გაფართოება ხარისხიანი პროდუქციის ყველასთვის ხელმისაწვდომ ფასად გაყიდვით.
1963 წელს დამწყები ბიზნესმენმა La Maja დატოვა და საკუთარი ატელიე Confecciones GOA, S.A გახსნა, რომელიც ერთგვარ ოჯახურ საქმედ აქცია, რადგან თანაბრად გაანაწილა მოვალეობები - ძმას ფინანსების გაკონტროლება დაავალა, დას ბუხჰალტერია ჩააბარა, თვითონ კი, მეუღლესთან ერთად, რომელიც თანასწორუფლებიან პარტნიორად აქცია, მოდელების დიზაინი და სამოსის შეკერვა ითავა. სხვათა შორის, როსალიაც, მასავით სიღარიბეში გაიზარდა, 11 წლისას მოუწია სკოლის მიტოვება და ხელსაქმის სწავლა, ამიტომ კერვაც ეხერხებოდა და წარმატების ფასიც კარგად იცოდა.
თუმცა, ორტეგამ არა მხოლოდ ოჯახის წევრები, არამედ მთელი ქალაქი დაასაქმა, როცა ათეულობით მკერავს სწორედ საკუთარ ატელიეში მოუყარა თავი. აღსანიშნავია, რომ გალისია ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ რეგიონად ითვლებოდა, რომლის მოსახლეობა მეტწილად მეთევზეობით ირჩენდა თავს, ამიტომ ზღვაში დიდი ხნით გასული მეუღლეების ლოდინით მოქანცული ქალბატონები სიამოვნებით დათანხმდნენ ორტეგას შეთავაზებას, რომელმაც ანაზღაურებაც საკადრისი შესთავაზა.
ახალი საქმის დაწყებამ ორტეგას საკუთარი სტანდარტების შემუშავება აიძულა - ამანსიო ყოველთვის შუამავლების გარეშე, უშუალოდ მწარმოებლისგან იძენდა ქსოვილს და მართალია, ბიუჯეტურ, მაგრამ აუცილებლად მაღალი ხარისხის სამოსს კერავდა, რადგან სწორედ ხარისხზე აკეთებდა გათვლას. სხვათა შორის, ატელიეს გახსნა ორტეგას დიდი ხნის ოცნება იყო, რადგან ყოველთვის ძალიან უნდოდა საშუალო კლასის ესპანელების დახვეწილ და ელეგანტურ სამოსში გამოწყობა.