ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენი, Wal-mart-ის უნივერმაღების ქსელის შემქმნელი სემ უოლტონი, რომელიც 1985 წელს ჟურნალმა Forbes-მა შეერთებული შტატების უმდიდრეს ადამიანად დაასახელა, არა მხოლოდ პრაქტიკოსი ბიზნესმენი, არამედ წარმატებული თეორეტიკოსიც იყო, რომელმაც 5 ათასზე მეტი მაღაზია გააერთიანა გიგანტურ კორპორაციაში და საკუთარი - ე.წ. "უოლტონის კანონები“ დაამკვიდრა, რაც საქონლის უშუალოდ მიმწოდებლისგან შეძენას, მომხმარებელზე ორიენტაციას, მუდმივ ფასდაკლებებსა და მომგებიან აქციებს ითვალისწინებდა.
სემიუელ მურ უოლტონი 1918 წლის 29 მარტს დაიბადა ოკლაჰომას შტატის პროვინციულ ქალაქ ქინგფიშერში, ნაკლებად შეძლებული ფერმერების ოჯახში, რამაც პატარა სემს ადრეული ასაკიდანვე მშობლებს დახმარება აიძულა. დიდი დეპრესიის და ფინანსების სიმწირის გამო უოლტონები ხშირად მოგზაურობდნენ და საცხოვრებელსაც მუდმივად იცვლიდნენ, 1923 წელს, ოჯახი სპრინგფილდში გადაბარგდა, 5 წლის სემმა კი, არა მხოლოდ მარჩენალი ძროხა ჩაიბარა, რომელსაც ჯერ წველიდა, მერე კი, რძე მიჰქონდა მყიდველებთან, არამედ პრესითაც უზრუნველყოფდა ადგილობრივებს. სხვათა შორის, უილტონმა, რომელიც ბავშვობიდანვე ცდილობდა ყველა უნარისა და რესურსის მაქსიმალურად გამოყენებას, მხოლოდ „ფოსტალიონობით“ გამოიმუშავა 5 ათასი დოლარი, რაც საკმაოდ სოლიდური თანხა იყო მცირეწლოვნისთვის, მით უფრო 1920-იანი წლების ამერიკაში.
მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი, თუმცა ძველებურად შეუპოვარი და შრომისმოყვარე უოლტონი, ვერც სარისკო პროექტის დამოუკიდებლად წარმოებამ დააფრთხო. კომერსანტმა მსხვილი კრედიტი ისესხა ბანკში და 1962 წლის 2 ივლისს პირველი Wal-Mart გახსნა არკანზასის შტატის ქალაქ როჯერსში, რომელიც არა ტრადიციულ უნივერმაღად, არამედ დაბალი ფასების ცენტრად აქცია.
უოლტონს, რომელმაც მეუღლესაც ისევე უერთგულა, როგორც საყვარელ საქმეს, ოთხი მემკვიდრე - ელისი, ჯიმი, რობი და ჯონი შეეძინა. უმცროსი უოლტონები ადრეული ბავშვობიდან ჩაებნენ ოჯახურ ბიზნესში, 1992 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ კი, 58-მილიარდიანი ქონება ჩაიბარეს. აღსანიშნავია, რომ ჯიმი და რობი დღესაც წარმატებით ხელმძღვანელობენ Wal-Mart-ს, ჯონი 2005 წელს გარდაიცვალა, ელისმა კი, მემკვიდრეობის მიღების შემდეგ უარი თქვა ბიზნესზე და ფერწერით გატაცებულმა ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერობას მიჰყო ხელი.