საქართველოდან უკრაინაში საკვები და სასმელი პროდუქტების ექსპორტი განახევრდა, ქვეყნიდან იმპორტი კი მნიშვნელოვნად შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 5 თვეში საქართველოდან უკრაინაში 17,935 მლნ აშშ დოლარის საკვები პროდუქტები გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 40,077 მლნ აშშ დოლარის.
რაც შეეხება იმპორტს, 2022 წელს იანვარ-მაისში უკრაინიდან 29,729 მლნ აშშ დოლარის საკვები და სასმელი პროდუქტი შემოვიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი იმპორტმა - 41,529 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ტოპ-10 საკვებ და სასმელ პროდუქტს შორის, რომელიც 2022 წლის 5 თვეში საქართველოდან უკრაინაში გავიდა, ლიდერობს: სპირტიანი სასმელები - 7,646 მლნ აშშ დოლარით, მას მოსდევს - მინერალური და მტკნარი წყლები, რომლის ექსპორტმაც 5,069 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მე-3 ადგილზეა - ყურძნის ნატურალური ღვინოები - 2,984 მლნ აშშ დოლარის ექსპორტით, მე-4 და მე-5 პოზიციებს კი წყლები შაქრის დანამატების შემცველობით და თხილი და სხვა კაკალი ინაწილებენ, რომელთა ექსპორტმაც შესაბამისად, 525.1 ათასი და 439.7 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებული პროდუქტების ათეულში ხვდება ასევე: კოჭა, ზაფრანა, დაფნის ფოთოლი და სხვა სანელებლები, ჩაი, ციტრუსების ნაყოფი, პროდუქტები საწებლების მოსამზადებლად და მზა საწებლები და ბრინჯი.