დემნა ერთადერთი გვასალია არ არის, რომელსაც მოდაში თავისი სიტყვის თქმა უნდა.
ძმებმა გურამ და დემნა გვასალიებმა 2014 წელს მოდის ბრენდი Vetements შექმნეს, ამ უკვე მსოფლიოში სახელგანთქმული მოდის სახლის ახალი კოლექცია გურამმა წარადგინა, როგორც შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა.
vetements-ის 2023 წელის გაზაფხულის კოლექციის შესახებ ისეთმა გავლენიანმა გამოცემამაც დაწერა, როგორიც Vogue-ია, რომლის სტატიაშიც ვკითხულობთ, რომ ამ ჩვენებაზე მუშაობისას გურამ გვასალიას შთაგონება საქართველოში გატარებული ბავშვობა და ომის გამო სამშობლოდან წასვლის ტრავმული გამოცდილება იყო.
"ეს კოლექცია ჩემს ცხოვრებაზე, ჩემს ბავშვობასა და მოდასთან ჩემს პირველ შეხებაზეა. თითოეული სამოსი ჩემს მოგონებებზე ჰყვება", — განუცხადა გურამმა ვოგს.
"ომის შემდეგ ერთადერთი სათამაშო, რომელიც ბავშვობაში მქონდა, დათუნიას დეფორმირებული თოჯინა იყო, რომელიც ამ ჟაკეტს ჰგავს" — ამბობს ხელოვნური ბეწვის ყავისფერ ჟაკეტზე, რომლის ერთ ნაწილსაც მოდელი ძირს დაათრევს. კუბოკრული პლედები კი მას აგონებს იმ "საბნებს, რომლებიც ლტოლვილთა ბანაკში დაგვირიგეს, რადგან გამოქცევისას ტანსაცმელი თან არ წამოგვიღია. მთებში თვეზე მეტი ხნით ჩავრჩით და არც ტანსაცმელი გვქონდა, არც საკვები. საერთოდ არაფერი". ყვება გურამ გვასალია ვოგთან მიცემულ ინტერვიუში.