აბრეშუმი - მას შემდეგ რაც ადამიანებმა ცხოველების გამოყენება დაიწყეს, მათი ყოფა ბევრად გაადვილდა და გამრავალფეროვნდა. ზოგს იყენებდნენ გადასაადგილებლად, ზოგს გამოსაკვებად, მეგობრობისთვის, და მათ შორის გასამდიდრებლად. არსებობს სახეობები, რომელთაც პირდაპირი მნიშვნელობით შეცვალეს სამყარო და რაც მთავარია ჩვენი საარსებო სივრცე და შესაძლებლობები. დღეს მოგიყვებით მცირე ზომის არსებაზე, რომლის ნაწარმი თავის დროზე ოქროს ფასი იყო. მისი წარმოების მეთოდი - ათეული წლების განმავლობაში საიდუმლოდ იყო დაცული. ეს გახლავთ აბრეშუმხვევია - ჭია, რომლის პეპლად გადაქცევამდე მოქსოვილი ჭუპრის ჯერ ძაფად დაშლა დაიწყო ადამიანმა, შემდეგ კი სხვადასხვა მასალის დამზადებაც.
აბრეშუმი ძალიან მტკიცე და ლამაზი ქსოვილია, რომლითაც ადამიანები უძველესი დროიდან იმოსებიან. ცნობილია, რომ აბრეშუმის ძაფი სიმტკიცით იმავე ზომის ფოლადს აღემატება. აბრეშუმს მხოლოდ ჩინეთში აწარმოებდნენ და ვინც დამზადების საიდუმლოს გასცემდა, სიკვდილით სჯიდნენ. ეს საიდუმლო პირველად ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ შეიტყო, რომელმაც ჩინეთში ფარული მისიით ორი ბერი გაგზავნა. ისინი ორი წლის შემდეგ დაბრუნდნენ და მოიტანეს ბამბუკის ხელჯოხში დამალული განძი - თუთის აბრეშუმხვევიას ანუ აბრეშუმის ჭიის კვერცხები. შემდეგ ქსოვილი მთელ მსოფლიოში გავრცელდა, მათ შორის - საქართველოშიც.
შეიძლება ყველამ არ იცის, რომ აბრეშუმის პარკი შეიძლება იყოს ყვითელი, თეთრი, მომწვანო და ვარდისფერიც კი. ფორმის მიხედვით - მრგვალი, ოვალური, თავ-წვეტიანი... ფორმაცა და ფერიც აბრეშუმის ჭიის ჯიშზეა დამოკიდებული. დღეს მსოფლიოში აბრეშუმის მომწოდებელი ქვეყნები ჩინეთი და ინდოეთია. მართალია, არსებობს ხელოვნური აბრეშუმი თუ ნეილონი, მაგრამ ნატურალურ აბრეშუმს ვერაფერი შეედრება. აბრეშუმს აქვს სინოტივის შეწოვის უნარი და კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს, შედეგად, ცხელ ამინდშიც კანი მშრალი და გრილი რჩება. ამავე დროს, აბრეშუმი ულტრაიისფერ სხივებს შთანთქავს და კანს ამგვარადაც იცავს. უმჯობესია, აბრეშუმის ტანსაცმელი ქიმწმენდაში გააწმენდინოთ. თუ მას შინ რეცხავთ, ნეიტრალური სარეცხი საშუალება და 30 გრადუსამდე თბილი წყალი გამოიყენეთ. ფრთხილად გარეცხეთ და ნუ გაწურავთ. აბრეშუმის ტანსაცმელი ნესტის, ჩრჩილისა და მზის პირდაპირი სხივებისგან უნდა დავიცვათ.