უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლიგარქების რეესტრის შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება დაამტკიცა და შესაბამის განკარგულებას მოაწერა ხელი.
ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება ოლიგარქების რეესტრის ფორმირებისა და მისი წარმოების პროცედურას ეხება. რეგულაციის მიხედვით, რეესტრი ელექტრონული ფორმით სახელმწიფო ენაზე იწარმოება.
მასში სახელმწიფო საიდუმლოებისა და ოფიციალური ინფორმაციის შემცველ მონაცემებს არ შეიტანენ, თუმცა ოლიგარქების შესახებ რეგისტრირებული ინფორმაცია კონფიდენციალურად არ ჩაითვლება.
ოლიგარქების შესახებ ინფორმაცია მოიცავს სრულ სახელს, დაბადების თარიღსა და ადგილს, საიდენტიფიკაციო მონაცემებს, პასპორტის რეკვიზიტებს, იურიდიულ პირთა სიას, რომელთა ბენეფიციარიც ის არის, იმ ფიზიკურ პირთა სიას, რომელთა საარჩევნო ფონდებშიც ოლიგარქმა შემოწირულობა შეიტანა, ასევე, პიროვნების ოლიგარქად აღიარების დასაბუთებას.
კანონი 30 ივნისიდან ანუ გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.