მოცვის ფასი თვის დასაწყისთან შედარებით განახევრდა. 24 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში 1 კგ. მოცვის ღირებულება წინა კვირასთან შედარებით, საგრძნობლად, 4-5 დოლარამდე დაეცა, მაშინ, როცა, EastFruit-ის ცნობით, ივნისის დასაწყისში ადგილზე ფერმერებს თითო კილოგრამ მოცვში 7-დან 8 დოლარამდე უხდიდნენ.
როგორც ადგილობრივი ექსპორტიორები აცხადებენ, ამის მიზეზი ქართული მოცვის მთავარ ბაზარზე, რუსეთში ფასების ვარდნაა, რაც საქართველოდან და სხვა ექსპორტიორი ქვეყნებიდან მიწოდების გაზრდამ გამოიწვია. ამასთან, მიმდინარე კვირაში მოცვის გაიაფებას მასობრივი კრეფვის დაწყების გამოც მოელოდნენ.
იმის მიუხედავად, რომ დასავლეთ საქართველოში წვიმიანი ამინდები მოსავლის დროულ აღებას ხელს უშლის, EastFruit წერს, რომ საქართველოში მოცვის მოსავლის სეზონი აქტიურ ფაზაშია.
ქართველი ფერმერები ეჭვობენ, რომ მყიდველები ფასის ხელოვნურად დაწევას ცდილობენ, რადგან მისი ვარდნა მეტად მოკლე დროში მოხდა. 1 კგ. მოცვის ფასი 8-დან 4 დოლარამდე მხოლოდ ერთ დღეში დაეცა, რაც ფერმერებს აფიქრებინებს, რომ ეს სპეკულაციაა.