საქართველოს 2022 წლის 4 ივლისიდან მომავალი წლის 4 ივლისამდე ქვეყნიდან ხორბლისა და ქერის ექსპორტს კრძალავს. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ უკვე მიიღო. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია აცხადებს, რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, ადგილობრივი წარმოების ხორბლის და ქერის რეალიზაცია მხოლოდ შიდა ბაზარზე განხორციელდეს.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა რაოდენობის ხორბალი და ქერი გააქვს საქართველოს ექსპორტზე. 2021 წელს საქართველოდან 612 ათასი დოლარის ღირებულების 2 357 ტონა ქერი გავიდა (ადგილობრივი ექსპორტი). აქედან ყველაზე დიდი რაოდენობით 1 195 ტონა გაიყიდა ერაყში (337,6 ათასი დოლარის ღირებულების). მეორე ადგილზეა თურქეთი - 733 ტონით (169,3 ათასი დოლარის), მესამეზე კი საუდის არაბეთი - 159 ტონით (40,9 ათასი დოლარის ღირებულების).
რაც შეეხება ადგილობრივი ხორბლის ექსპორტს, შარშან ქართული ხორბალი 3 ქვეყანაში - სომხეთში, თურქეთსა და უკრაინაში გაიყიდა. ჯამში 2021 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იქნა 393 ათასი დოლარის ღირებულების 1 557 ტონა ხორბალი.