საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა დაადასტურა, რომ რუსეთმა, საგარეო ვალთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, დეფოლტი განიცადა.
როგორც სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, 27 ივნისს რუსეთის სუვერენული ვალის მფლობელებს არ მიუღიათ გადახდა ორ ევრობონდზე 30 კალენდარული დღის საშეღავათო პერიოდის ამოწურვისთვის, რაც მათი განმარტებით, დეფოლტის მოვლენაა.
ცნობისთვის, 27 ივნისს გამოცემა „ბლუმბერგმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 1918 წლის შემდეგ პირველად რუსეთმა დეფოლტი განიცადა. კრემლმა განცხადებებს დეფოლტის შესახებ არამართლზომიერი უწოდა და განაცხადა, რომ გადახდა ჯერ კიდევ მაისში განხორციელდა და ის ფაქტი, რომ Euroclear-მა ეს თანხა დააკავა და მიმღებებთან ვერ მივიდა, რუსეთის პრობლემა აღარ არის.