დღეს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ნატო-ს სამდღიანი სამიტი იწყება. ნატო-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ალიანსის ლიდერები შეიკრიბებიან, რათა განიხილონ უსაფრთხოების ყველაზე აქტუალური საკითხები და დაამტკიცონ ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია.
მათივე ცნობით, სამიტის დღის წესრიგი, სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს იმის განხილვას, თუ როგორ იმოქმედა უკრაინაში რუსეთის სასტიკმა და არაპროვოცირებულმა შეჭრამ და ევროპაში უსაფრთხოების ახალმა რეალობამ ნატოს შეკავებისა და თავდაცვის მიდგომაზე.
სამიტს ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერების გარდა, მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყნების ლიდერებიც დაესწრებიან. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სამიტის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ალიანსი პარტნიორებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, მხარდაჭერის ახალ პაკეტებს მიიღებს.