„თბილისი პრაიდის“ კვირეული ხვალ, 28 ივნისს ოფიციალურად დაიწყება. კვირეული ქართველი რეჟისორი სელენენა ვერიანის ქვიარ ფილმის “სველი ქვიშა” ჩვენებით გაიხსნება. კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე ელგებეტექიუ ადამიანები, მხარდამჭერები, დიპლომატიური კორპუსი, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბებიან. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორგანიზაცია „ალტ-ინფოს” მიერ სოციალურ ქსელში გამოთქმული მუქარის შემცველი მოსაზრებების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება 239-ე პრიმა და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას და მუქარას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, სამინისტრო მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველლყოს „თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, მართლწესრიგის დაცვა, აგრეთვე, კვირეულის ფარგლებში, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შსს გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და მოუწოდებს პრაიდ კვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფებს დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ფარგლებს.