ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი უახლოეს პერიოდში ერთობლივად მოძებნიან ახალ შესაძლებლობებს ენერგოდამოუკიდებლობისა და რუსეთისთვის გაზიდან და ნავთობიდან მიღებული შემოსავლის შესამცირებლად. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის და ევროკომისიის ხელმძღვანელის ურსულა ფონ დერ ლაიენის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რუსეთი აგრძელებს ბუნებრივი აირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ იარაღად გამოყენებას. ბაიდენისა და ფონ დერ ლაიენის თქმით, უახლოეს მომავალში ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეხვდება წევრი ქვეყნების წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ მხარეებს, რათა განიხილონ პრაქტიკული რეკომენდაციები ინტელექტუალური თერმოსტატებისა და სითბური ტუმბოების შემუშავებისა და წარმოების დასაჩქარებლად.