ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა რუსეთზე სასანქციო ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას, კერძოდ, ექსპორტირებულ რუსულ ნავთობზე ფასის იძულებითი შეზღუდვით. ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს დაუჭერს რუსეთის ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე ბლოკადის მოხსნის მნიშვნელობას და სამიტის მონაწილეებს მოუწოდა, განიხილონ ეფექტური მექანიზმები მსოფლიოში სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ სამიტის მონაწილეებს ასევე შესთავაზა შეიქმნას ეფექტური გლობალური მექანიზმი რუსეთის გაყინული ან დაკავებული აქტივების კონფისკაციისთვის, რაც, მისი თქმით, უნდა გახდეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი იარაღი სხვა პოტენციური აგრესორების მეზობლებზე თავდასხმის შესაჩერებლად.