„თიბისი კაპიტალი“ წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 8-ზე უფრო მეტიდან დაახლოებით, 10%-მდე ზრდის. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტის განახლებაშია აღნიშნული.
„თიბისის“ ცნობით, საგარეო ვაჭრობის წინა კვირაში გამოქვეყნებული მაჩვენებლები „თიბისი კაპიტალის“ 2022 წლის ეკონომიკის ზრდის მაღალი პროგნოზის რაციონალურობაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს. უფრო მეტიც, წინა თვეებისაგან განსხვავებით, მაისში ექსპორტის ძლიერი ზრდა არა მხოლოდ გაზრდილი ფასებით, არამედ უკვე რეალური მატებითაც არის გამოწვეული.
ამავდროულად, „თიბისი კაპიტალის“ ცნობით, საქსტატის მიერ ეკონომიკის ზრდის პირველი კვარტალის შეფასება გამოქვეყნდა და მანამდე არსებული ყოველთვიური მაჩვენებლები, მართალია მცირედით, თუმცა მაინც მატების მიმართულებით გადაიხედა.