"დანერგე მომავალის" ფარგლებში 5.1 მლნ ლარით დაფინანსებული ბაღები სრულად ან ნაწილობრივ გამხმარია - აუდიტი - Palitra News

"დანერგე მომავალის" ფარგლებში 5.1 მლნ ლარით დაფინანსებული ბაღები სრულად ან ნაწილობრივ გამხმარია - აუდიტი

2022-06-27 07:58:20+04:00

სააგენტომ ვერ უზრუნველყო კენკროვანი კულტურების ნერგების მიმწოდებლების ვალდებულებების შესახებ ბენეფიციარების სათანადო ინფორმირება - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამის − „დანერგე მომავალი“ 2018-2020 წლების ანგარიშშია ნათქვამი.

აუდიტის სამსახურმა, ასევე გამოავლინა პროგრამის ბიუჯეტის დაგეგმვის ნაკლოვანებები, კერძოდ, მათი ცნობით, სააგენტომ ვერ წარმოადგინა 2018-2020 წლების საბიუჯეტო განაცხადების დეტალური გაანგარიშებები. 2018-2020 წლებში ქვეპროგრამის საბიუჯეტო რესურსი იგეგმებოდა ხარვეზებით.

აუდიტორული შერჩევით, მნიშვნელოვანი რისკების მქონე ბაღების ადგილზე ვიზუალური დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ 2018-2020 წლებში მოქმედი ხელშეკრულებების ფარგლებში, 1 332 366 ლარით დაფინანსებულ 15 ბაღში ნერგების 100% გამხმარია. ამასთან, 10 ბაღის შემთხვევაში, რომლებიც ჯამურად დაფინანსდა 733 291 ლარის ოდენობით, ნერგების გარკვეული ნაწილი გამხმარია, ხოლო 3 115 975 ლარით დაფინანსებულ 36 ბაღში − ნერგების არსებითი ნაწილი გახარებულია.

აუდიტის სამსახურის შეფასებით, ასევე, ხარვეზები გამოვლინდა ბენეფიციარებისათვის დადგენილი ჯარიმებისა და პირგასამტეხლოების ნაწილშიც. კერძოდ, ბენეფიციარს სააგენტოს პროექტების განმხილველი კომისიის მიერ, თანხის ანაზღაურებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ დაეკისრა 73 500 ლარის ბიუჯეტში დაბრუნება, თუმცა სააგენტოს მიერ აღნიშნული თანხა არ იყო აღრიცხული მოთხოვნების შესაბამის საბალანსო ანგარიშზე, ასევე თანხა არ იყო დაბრუნებული ხაზინის ანგარიშზე.