1519 წლის ნოემბერში, როდესაც ესპანელი ჯარისკაცების კბილებამდე შეარაღებული ბრბო გენერალ კორტესის მეთაურობით დღევანდელი მექსიკის ტერიტორიაზე შეიჭრა და ააოხრა აცტეკების იმპერატორ მონტესუმას სასახლე, მუქი ფერის გამომშრალი მარცვლების დიდი მარაგი აღმოაჩინა… მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ მარცვლებისგან დამზადებული შოკოლადი მთელ სამყაროს დაიპყრობდა. შოკოლადის, ისევე, როგორც კაკაოს ხის სამშობლოდ ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა ითვლება. შოკოლადის ისტორია ძალიან ადრე დაიწყო. პირველად სიტყვა კაკაომ გაიჟღერა, დაახლოებით 1000 წლის წინ ჩვ. წ. აღ. მექსიკის ყურეში. მაშინ მხოლოდ იწყებოდა ოლმეკების ცივილიზაციის აღორძინება. მათ შემდეგ მაიას ტომებმა გააგრძელეს ტრადიცია და სწორედ მათ მოახერხეს ველური კაკაოს ხის კულტივირება. ამავე პერიოდში დაიწყეს შოკოლადის საკვებად მიღების მეთოდების შემუშავებაც. კაკაოს მარცვლებს ხალავდნენ, ფქვავდნენ, შემდეგ კვლავ აცხელებდნენ და ასე მიიღებოდა კაკაოს ხსნარი. ხსნარს ხსნიდნენ წყალში და უმატებდნენ წითელ წიწაკას. შედეგად მიიღებოდა მომწარო გემოს სასიამოვნო სასმელი, რომელიც “ღმერთების სასმელის” სახელით შემორჩა ისტორიას. მაიას ტომების შემდეგ შოკოლადის მომზადების ტრადიცია განაგრძეს აცტეკებმა. ისინი წყალში გახსნილ ხსნარს, რომელსაც სიმინდის ფქვილთან ერთად ფქვავდნენ, უმატებდნენ თაფლს, აგავას ნაყენს და ჩოკოლატლად წოდებულ ამ სასმელს ენერგიის წყაროდ მიიჩნევდნენ. აცტეკების ლეგენდის თანახმად, კაკაოს თესლი დედამიწაზე სამოთხიდან აღმოჩნდა, ამიტომ იგი ყველას, ვინც მის ნაყოფს მიირთმევს, ძალასა და სიბრძნეს ანიჭებს. მრავალი საუკუნის განმავლობაში შოკოლადი არსებობდა მხოლოდ თხევადი სახით. ეს სასმელი იყო მაგიური რიტუალებისა და საქორწინო ცერემონიების ნაწილიც. ევროპაში კაკაოს გავრცელება ერნან კორტესის დამსახურებად შეიძლება ჩაითვალოს. სწორედ მან ჩაუტანა ესპანეთის მეფეს კაკაოც და მისი დამზადების რეცეპტებიც. რძიანი შოკოლადის გამოგონება კი ეკუთვნის შვეიცარიელ მეცნიერს დანიელ პიტერს.
შოკოლადის სახეობები
წარმომავლობის მიხედვით კაკაოს მარცვლებს სამ ძირითად ჯგუფად ყოფენ: ამერიკული, აფრიკული და აზიური. ხოლო ხარისხის მიხედვით იგი ორ ჯგუფად იყოფა: კეთილშობილი , რომელსაც ჰაეროვანი და სასიამოვნო არომატიც აქვს და ორდინალური, რომელიც მომჟავო-მომწარო გემოთი და ძლიერი არომატით გამოირჩევა. დროთა განმავლობაში წარმოიქმნა შოკოლადის მრავალი სახეობა. ყოველი მათგანის საფუძველს სუფთა შოკოლადი წარმოადგენს.
რამდენიმე ცნობილი სახეობაა: მწარე შოკოლადი – სუფთა შოკოლადი, რომელიც არ შეიცავს დანამატებს. შავი შოკოლადი – შოკოლადი რძის დანამატის გარეშე, რომელიც მინიმუმ 35% სუფთა კაკაოს ფხვნილს შეიცავს. ტკბილ-მწარე შოკოლადი – შოკოლადი კაკაოს მაღალი კონცენტრაციით და მომწარო გემოთი. ფართოდ გამოიყენება პიკანტური დესერტების დასამზადებლად. რძიანი შოკოლადი – შოკოლადი რძის დანამატით. თეთრი შოკოლადი – მზადდება კაკაოს ცხიმისა და კაკაოს ფხვნილისაგან, აქვს თეთრი ფერი. კაკაოს ფხვნილი – კაკაო გასუფთავებულია კაკაოს ცხიმისაგან და მიყვანილი ფხვიერ მდგომარეობამდე. ფართოდ გამოიყენება კულინარიაში და აადვილებს მზადების პროცესს. თხევადი შოკოლადი – ის შეიძლება მომზადდეს როგორც შავი შოკოლადიდან, ასევე კაკაოს ფხვნილისგან, რძისა და შაქრის დამატებით.
პირველი კაფე, სადაც შოკოლადით უმასპინძლდებოდნენ სტუმრებს, 1657 წელს გაიხსნა ლონდონში. შოკოლადი იმ დროისთვის ითვლებოდა შეძლებული, მდიდარი ადამიანების სასმელად და 1 ფუნტი შოკოლადი 15 შილინგი ღირდა. ისევე, როგორც მაიას ტომებში, კაკაოს ხის ნაყოფი ზოგიერთ ქვეყანაში ვალუტად იქცა. ასე მაგალითად, ნიკარაგუაში ბოცვრის ყიდვა შეიძლებოდა ათ კაკაოს მარცვლად, ხოლო ასი კაკაოს მარცვლის სანაცვლოდ თქვენ კარგი მონის მფლობელი გახდებოდით. მე-17-18 საუკუნეების ექიმები თავის მდიდარ პაციენტებს შოკოლადს უნიშნავდნენ როგორც საერთო გამაჯანსაღებელ საშუალებას და ბევრი დაავადების წამალს. შოკოლადს, ჩვეულებრივ, უნიშნავდნენ ბავშვებსა და მამაკაცებს სასმელში რძის, ღვინის, სუნელ-სანელებლებისა და ლუდის დანამატითაც კი. 1674 წელს გამოჩნდა რბილი შოკოლადი ბატონებისა და რულეტების სახით. პირველი შოკოლადის ფილა დაამზადა კომპანიამ
Fry & Sons ბრენდით Chocolat Delicieux a Manger.
პირველი რძიანი შოკოლადი გამოჩნდა შვეიცარიაში, რის შემდეგაც შვეიცარიულმა ფირმა ნესტლემ პოპულარობა მოიპოვა. 1879 წელს რუდოლფ ლინდტმა ბერნიდან გამოუშვა შოკოლადი, რომელიც პირში დნებოდა. მან გამოიგონა შოკოლადის ნელა შეცხელების მეთოდი და თავის პროდუქციაში მეტი კაკაოს კარაქის დამატება დაიწყო. პირველი შოკოლადი შიგთავსით გამოჩნდა 1913 წელს. მე-18 საუკუნის შუაწლებში შოკოლადი შედარებით გაიაფდა და ხელმისაწვდომი გახდა მოსახლეობის ყველა ფენისთვის, ვინაიდან ამ დროისთვის კაკაოს პლანტაციების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და წარმოებაც მექანიზებული გახდა. მე-19 საუკუნეში კაკაოს მარცვლების წარმოების მხრივ ლიდერობდა ვენესუელა, ამჟამად კაკაო ძირითადად მოჰყავთ ბრაზილიასა და კოტ-დ-ივუარზე. დღეისათვის შოკოლადის წარმოების ლიდერად მიიჩნევა აშშ. ერთ სულ მოსახლეზე შოკოლადის მოხმარების მხრივ კი შვეიცარია ლიდერობს.
მსოფლიოში ყოველწლიურად 600 ათასი ტონა შოკოლადი იჭმევა. შოკოლადის წარმოება ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი დარგია კვების მრეწველობაში. შოკოლადი არის ერთ-ერთი იშვიათი პროდუქტი, რომელმაც განიცადა ტრანსფორმაცია ინდიელების მწარე სასმლიდან ნატიფ დესერტამდე და მასობრივი მოხმარების პროდუქტად იქცა, რომელიც ფართო ასორტიმენტით გამოირჩევა. გემოსა და კომერციული ფასეულობის გარდა შოკოლადს გააჩნია განწყობის ამაღლებისა და ძალების აღდგენის საოცარი თვისება.