საქართველო, მოლდოვა, უკრაინა - საინტერესოა, როგორია სამეულის ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები, მით უფრო იმ ფონზე, როცა ევროპარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი უკვე დაუჭირა, საქართველოს შემთხვევაში, კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის, ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით, რიგი რეფორმების გატარებაა საჭირო. უკრაინა და მოლდოვა კონტინენტის ორი ღარიბი ქვეყანაა.
ევროპის მასშტაბით, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით, ეს ქვეყნები რეიტინგის ბოლოში არიან. თუმცა, არც საქართველოა რეიტინგში ამ ორ ქვეყანაზე დიდად წინ, სხვა რამდენიმე მაჩვენებლით კი, საერთოდაც ჩამორჩება კანდიდატის სტატუსის მომლოდინე ქვეყნებს. და მაინც, საინტერესოა, უსწრებს თუ არა საქართველო მოლდოვას და უკრაინას? ამ კითხვაზე ნაწილობრივ საპასუხოდ, საინტერესო იქნება, გადავხედოთ სამი ქვეყნის იმგვარ ძირითად ეკონომიკურ ინდიკატორებს, როგორებიცაა მშპ, უმუშევრობა, ინფლაცია და სხვა.
ბიზნესპრესნიუსზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების მიხედვით, უკრაინა 3 ქვეყანას შორის უპირობო ლიდერია. უკრაინის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს ქვეყანაში თითქმის 5 ტრილიონი გრივნას ოდენობის პროდუქცია იწარმოა, რაც, დოლარის ამჟამინდელი კურსით, 185 მილიარდ დოლარზე მეტია. შედარებისთვის, საქართველოს მშპ 2021 წელს 18 მილიარდ 700 მილიონი, ხოლო მოლდოვის 13 მილიარდ 700 მილიონი იყო.
ამასთან, უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ სამი ქვეყნიდან საქართველოშია. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, საქართველოსა და მოლდოვას ეკონომიკა თითქმის ერთნაირად, 7%-ით შემცირდა. პანდემიის შემდეგ კი აღდგენა მოლდოვამ უკეთ შეძლო, ვიდრე ჩვენ.
ოფიციალური სტატისტიკა ნათლად აჩვენებს, რომ რიგი ეკონომიკური მონაცემებით, ბოლო წლებში, საქართველო არათუ ვერ უსწრებს აღნიშნულ ორ ქვეყანას, პირიქით, ჩამორჩება ან დიდად განსხვავებული მაჩვენებელი არ აქვს.