პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ, ხმაურით დაიწყო.
ხმაური ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის დასაწყისს მოჰყვა, რომლის დროსაც პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროკომისიამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და გაჩნდა ნანატრი ჩანაწერი. მის ამ ფრაზას ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ღარიბაშვილს რამდენჯერმე მიმართა, რომ არის „მოღალატე“. დეკანოიძემ ღარიბაშვილს ასევე „მონა“ უწოდა.
ოპოზიციის წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრს რამდენიმე წუთის განმავლობაში არ მისცეს სიტყვის გაგრძელების საშუალება. აღნიშნულის გამო ოპოზიციამ პარლამენტის თავმჯდომარისგან გაფრთხილება მიიღო.
პარლამენტის სხდომას ასევე ესწრებიან თბილისის მერი კახა კალაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და სხვა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები.
ღარიბაშვილი დეპუტატებს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშს აცნობს. ამის შემდეგ მთავრობის მეთაურს პარლამენტის წევრები კითხვებს დაუსვამენ, იქნება კითხვებზე პასუხი, ასევე გაკეთდება პოლიტიკური განცხადებები და გაიმართება პოლიტიკური დებატები.