გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და პარლამენტის კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრები კაზრეთში იმყოფებოდნენ, სადაც კომპანიის „არემჯი“ მიერ სამინისტროს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს გაეცნენ, წყალდამჭერი ინფრასტრუქტურა და უახლესი ტექნოლოგიებით აშენებული ის გამწმენდი ნაგებობები დაათვალიერეს, რომელიც დაბინძურებისგან იცავს მდინარეებს - ფოლადაურს, კაზრეთულასა და მაშავერას.
ოთხი წლის წინ, კომპანიას, სამინისტროს მიერ, გარემოსდაცვითი ღონისძიებების გრძელვადიანი და მოკლევადიანი ვალდებულებები დაეკისრა.
როგორც კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, სამინისტროს მხრიდან, გარემოსდაცვითი შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, კომპანიას 100-ზე მეტ პუნქტში ჰქონდა მიწერილობა. მათი შესრულებისთვის მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა და ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი დასრულების ეტაპზეა.