მადრიდის რეალი ლიგა ენდესას ჩემპიონია. სამეფო კლუბმა კატალონიის ბარსელონას მეოთხე შეხვედრა 81-74 მოუგო და ფინალურ სერიაში 3-1 გაიმარჯვა. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ყველაფერი კი ბოლო პერიოდში გადაწყდა. მადრიდელებმა უკანასკნელი ათწუთეული უკეთესად ჩაატარეს, 24-18 მოიგეს და ესპანეთის ჩემპიონობა მორიგჯერ იზეიმეს. რეალის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ვოლტერ ტავარესს მიუძღვის, რომელმაც გუნდს 25 ქულა და 13 მოხსნა შესძინა. კატალონიელთაგან კი საუკეთესო მაჩვენებელი ნიკოლა მიროტიჩმა დააფიქსირა, თუმცა მისი 14 ქულა 3 მოხსნა და 2 პასი ფინალური სერიის გადასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა.