ავსტრალიის ენერგეტიკის მინისტრმა კრის ბოუენმა ახალი სამხრეთ უელსის შტატის მოსახლეობას, რომელშიც ქვეყნის უდიდესი ქალაქი, სიდნეიც შედის, მოუწოდა, განათება საღამოს ორი საათის განმავლობაში გამორთონ. ამის მიზეზი, BBC-ის ცნობით, ენერგეტიკული კრიზისია, რაც ფასების ზრდის გამო ავსტრალიის ელექტროენერგიის მთავარი საბითუმო ბაზრის გაჩერებამ გამოიწვია.
მინისტრის წინადადებით, მოსახლეობამ ყოველ საღამოს, ორი საათის განმავლობაში ელექტროენერგია არ უნდა მოიხმაროს. მინისტრი ახალ სამხრეთ უელსში მცხოვრებ ადამიანებს სთხოვს, რაც შეიძლება, მეტი ელექტროენერგია დაზოგონ.
BBC-ის ცნობით, ავსტრალია ქვანახშირისა და თხევადი ბუნებრივი აირის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორია მსოფლიოში, თუმცა გასული თვიდან ენერგეტიკულ კრიზისს ებრძვის. ქვეყანაში ელექტროენერგიის სამი მეოთხედი კვლავ ქვანახშირის გამოყენებით იწარმოება და მთავრობას დიდი ხანია, ადანაშაულებენ იმაში, რომ ემისიების შესამცირებლად განახლებად ენერგიაში ინვესტიციებს საკმარისად არ დებს.
ბოლო კვირების განმავლობაში ავსტრალია ერთდროულად ქვანახშირის მიწოდების შეფერხებას, ქვანახშირზე მომუშავე რამდენიმე ელექტროსადგურის გათიშვისა და ენერგიის გლობალური ფასების ზარდის გავლენას განიცდის.