საქართველოში ხორბლის მოსავალი იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, 2021 წელს მოსავალმა 135,9 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 33,5 ათასი ტონით მეტია, 2020 წელს ქვეყანაში 102,4 ათასი ტონა ხორბალი მოვიდა.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, 2019 წელს ქვეყანამ 100,6 ათასი ტონა ხორბალი აიღო, 2018 წელს კი 107,1 ათასი ტონა.
ამასთან, როგორც საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, გასულ წელს ყველაზე დიდი რაოდენობით მოსავალი კახეთში აიღეს. ხორბლის წარმოების მიხედვით, მეორე ადგილზეა ქვემო ქართლი - 17,4 ათასი ტონით, მესამეზე - შიდა ქართლი - 12,3 ათასი ტონით, მეოთხეზე - სამცხე-ჯავახეთი - 4,3 ათასი ტონით. 500 ტონა კი დანარჩენ რეგიონებზე მოდის.
მოსავლიანობის ზრდასთან ერთად, 2021 წელს გაიზარდა ხორბლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტიც. კერძოდ, საქსტატის ანგარიშის მიხედვით, თუ 2019-2020 წლებში ეს მაჩვენებელი შეადგენდა 15-15%-ს, გასულ წელს თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტმა 22%-მდე მოიმატა. 2021 წელს ადგილობრივი წარმოება იყო 136 ათასი ტონა, იმპორტი კი 482 ტონა. ხორბლის მთლიანმა სასურსათო მოხმარებამ კი 624 ათასი ტონა შეადგინა.