ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც აუცილებლად უნდა მოამზადოს არმია ევროპაში კიდევ ერთხელ საბრძოლველად, - ამის შესახებ ბრიტანეთის არმიის ახალმა მეთაურმა საკუთარ ჯარს განუცხადა.
გენერალმა სერ პატრიკ სანდერსმა სამხედროებს მოუწოდა, მზად იყვნენ დაუპირისპირდნენ რუსეთისგან მომდინარე განახლებულ საფრთხეს, მას შემდეგ რაც კრემლი უკრაინაში შეიჭრა.
წერილში, რომელიც „ყველა წოდებისა და საჯარო მოხელისადმია“ მიმართულია, ბრიტანელი გენერალი ყურადღებას ამახვილებს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ წარმოქმნილ საფრთხეს.
სერ პატრიკ სანდერსი აღნიშნავს, რომ ის 1941 წლიდან გენერალური შტაბის პირველი ხელმძღვანელია, რომელიც არმიას სარდლობას ევროპაში სახმელეთო ომის პირობებში უწევს, რომელშიც დიდი კონტინენტური ძალა მონაწილეობს.
„რუსეთის უკრაინაში შეჭრა ხაზს უსვამს ჩვენს მთავარ მიზანს - დავიცვათ დიდი ბრიტანეთი და ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ და მოვიგოთ ხმელეთზე ომები“, - განაცხადა გენერალმა სანდერსმა.
მან იმ მოთხოვნასაც გაუსვა ხაზი, რომელიც რუსული აგრესიის ძალის მუქარით შეკავებას ეხება.
სამხედრო მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ მსოფლიო 24 თებერვლის შემდეგ შეიცვალა. ის აღნიშნავს, ისეთი არმიის შექმნის სასიცოცხლო მნიშვნელობას, რომელსაც ბრიტანეთის მოკავშირეებთან ერთად შეუძლია იბრძოლოს რუსეთის ბრძოლაში დასამარცხებლად.
BBC-ის ინფორმაციით, აღნიშნული წერილი 16 ივნისს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შიდა ინტერნეტის საშუალებით გაიგზავნა.
როგორც მედია წერს, გენერალი სანდერსი მიზნად ისახავს, დააჩქაროს არმიის მობილიზაცია და მოდერნიზაცია ნატოს გასაძლიერებლად. მას აგრეთვე სურს რუსეთს უარი ათქმევინოს ევროპის სხვა ქვეყნების ოკუპაციის შანსებზე.