დევიდ კომა პირველი ქართველი დიზაინერია, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და სახელობით ბრენდთან ერთად, მოდის ბაზარზე კარგად დამკვიდრებული სახლის - Thierry Mugler-ის კრეატიული დირექტორი გახდა. გაიზარდა პეტერბურგში, უმაღლესი განათლება კი ლონდონის სამხატვრო კოლეჯ Central Saint Martins-ში მიიღო. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, დიზაინერის კოლექციებით პრესა და საერთაშორისო ბაიერები დაინტერესდნენ, მისი კაბები ისეთმა ვარსკვლავებმა შეიძინეს, როგორიცაა: ბიონსე და კაილი მინოუგი. წარმატების მიზეზად მშობლების მხარდაჭერას, ნიჭს, დაუღალავ შრომას და ინგლისის გამართულ განათლების სისტემას ასახელებს. მიუხედავად იმისა, რომ წარმატებას საკმაოდ ახალგაზრდამ მიაღწია, მიზანი დიდი ხანია, დასახული აქვს: 8 წლის იყო, როდესაც გადაწყვიტა, დიზაინერი გამხდარიყო. მას შემდეგ, თანამიმდევრულად მიდიოდა მიზნისკენ. ჟურნალ STYLIST-თან ინტერვიუებში აღნიშნავს, რომ გართობისთვის დრო არ რჩება: ”ვერ ვხვდები, როგორ ახერხებს ზოგიერთი დიზაინერი მოდის კვირეულებისთვის მზადებას და ჩვენებების შემდეგ წვეულებებზე სიარულს”.
სიმბოლური აღმოჩნდა Mugler-ის მოდის სახლში კომას მოხვედრაც - როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, მან ბრენდი 21-ე საუკუნეში ახალი ხედვით შეიყვანა. 90-იანებში Thierry Mugler-ის ჩვენებებს ტელევიზორში უყურებდა და აღფრთოვანებული იყო ქალური, საოცრად სექსუალური სტილით. ამას მალე ახალი ინსპირაციები -პაკო რაბანი, პიერ კარდენი, აზედინ ალაია და მოგვიანებით - ჯოფრი ბინი მოჰყვა.
დევიდ კომას ელიოტ სამნერთან და ლუსი ვონ ალტენთან ერთად თბილისში ჩამოსვლის მიზეზი ”მერსედეს-ბენცის” ახალი მოდელის - 4-კარიანი CLA-ს კუპეს 2017 წლის სარეკლამო ფილმია, სახელწოდებით - Burning Desire (”მწველი სურვილი”). ფილმი შვედმა რეჟისორმა კრისტიან ლარსონმა გადაიღო, რომელსაც შოუბიზნესის წრეებში კარგად იცნობენ ბიონსეს, კაილი მინოუგის, ლედი გაგას და ჯეი ზის კლიპებით. კომამ ფილმის გმირებს - ბრიტანელ მუსიკოსს - ელიოტ სამნერს და გერმანელ მოდელს - ლუსი ვონ ალტენს ჩააცვა. ელიოტ სამნერი ცნობილი მომღერლის და ბას-გიტარისტის - Sting-ის (გორდონ სამნერი) ქალიშვილია, ლუსი ვონ ალტენი კი - მოდის ინდუსტრიაში უკვე კარგად დამკვიდრებული მოდელი. კოსტიუმები კომას 2 სხვადასხვა კოლექციიდან შეირჩა - ლუსი ვონ ალტენის რკინის რკალებით გაფორმებული კაბა უკვე დიდი ხანია, ბესთსელერია: მასში თავს Instagram-ის ფოტოებში მოდის ცნობილი სახეები - ჯიჯი ჰადიდი და ლენა პერმინოვა იწონებენ. `\”მერსედეს-ბენცის” მოდის კვირეულზე პრესისთვის ფილმის დახურული ჩვენება და fashion talk-ი გაიმართა, სადაც დიზაინერმა მსახიობთან ერთად კამპანიაზე მუშაობის პროცესზე და მწველ სურვილებზე ისაუბრა. ჩვენ კი ვეცადეთ, მკაცრად გამოყოფილ 12 წუთში მაქსიმალურად ამომწურავი კითხვები დაგვესვა და თქვენთვის საინტერესო ისტორია მოგვემზადებინა.
მინდა კომას პიროვნულ თვისებებზეც შევჩერდე, რომლებიც ასე აკლია ბევრ ადგილობრივ დიზაინერს: ის საოცრად თბილი, თავმდაბალი და ენერგიული ადამიანია, რომელიც აუცილებლად იმსახურებდა გლობალურ აღიარებას!
„ვოგის“ შეფასებით, დიზაინერი ახლაც კარიერის პიკშია და ძალიან სერიოზული მომენტი აქვს - გარდა იმისა, რომ მის ფანებს შორის ბიონსე, ჯენიფერ ლოპესი და ქარდი ბი არიან, რომელთათვისაც სიამოვნებით ქმნის მბრწყინავ ლუქებს, დიდი ინტერესი დაიმსახურა ახლახან გამართულმა მისმა დეფილემაც, სადაც 2022 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა, მედიის წარმომადგენლებმა ამ ღონისძიებისთვის შერჩეული ვენიუც მოიწონეს, ლონდონის საწყლოსნო ცენტრი, რომელიც დიდებული არქიტექტორის, ზაჰა ჰადიდის მიერ არის დაპროექტებული. ჩვენების მთლიანი განწყობა იყო სპორტული, მაგრამ იმავდროულად, მდიდრულიც - დეფილე გაიხსნა ტრადიციული ერთიანი საცურაო კოსტიუმების კომასეული ვერსიების ჩვენებით, რასაც მოჰყვა კომასეული ხელწერის ფართიზე ჩასაცმელი სამოსი, სხვადასხვა საინტერესო დეტალის მრავალსახეობით დატვირთული... „ეს არის ძველ ჰოლივუდურ გლამურთან საცურაო კოსტიუმის დაქორწინება“, აღნიშნა მოგვიანებით თავად დიზაინერმა. ფინალში მან წარმოგვიდგინა გრძელი საღამოს კაბა, შავი ფერის, ბრეტელების გარეშე, ელეგანტური ნამუშევარი, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დიზაინერის ახალი კოლექციის კონცეფციას.