შეერთებული შტატები პოლონეთისა და უკრაინის საზღვარზე მარცვლეულის დროებით შესანახ ობიექტებს ააშენებს, რომ რუსეთის სამხედრო ინტერვენციის ფონზე სურსათზე გლობალური ფასების ზრდის პრობლემა მოაგვაროს. ამის შესახებ პრეზიდენტ ჯო ბაიდენმა ფილადელფიაში, AFL-CIO-ს ყრილობაზე გამოსვლის დროს განაცხადა, რასაც Politico ავრცელებს. პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ საცავების მშენებლობა ამჟამად საუკეთესო გამოსავალია, რაც უკრაინას დროს მოაგებინებს.
24 მარტს ჯო ბაიდენმა ქვეყნები გააფრთხილა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამო მსოფლიოს საკვების დეფიციტი ემუქრება, ხოლო აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის მონაცემებით, რუსეთის აგრესიის შედეგად 40 მილიონამდე ადამიანს სურსათის დეფიციტის პრობლემა უკვე შეექმნა.
რუსეთის მიერ შავ ზღვაში პორტების ბლოკირებით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი შეჩერებულია. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პორტებში საექსპორტოდ განკუთვნილი 22 მილიონი ტონა მარცვლეული არის დაბლოკილი. უკრაინა და მსოფლიო საზოგადოება ექსპორტის განახლებისთვის ახალ გზებს ეძებს.