2021 წელს საქართველოში 118 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2021 წლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 361.4 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 35 პროცენტი - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ხოლო 65 პროცენტი - წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა).
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 12 565 600 ერთეულით განისაზღვრა. ჯამში, სასაკლაოების მიერ 2021 წლის განმავლობაში 43 428 ტონა ხორცი იქნა წარმოებული.
საქსტატის ცნობით, 2021 წლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 24.2 ათას პირს, საიდანაც 37.1 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ კი 1 030 კაცი შეადგინა.
ამასთან, ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შემთხვევაში - 29.9 ლარს, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური - 15.7 ლარია, ხოლო ღორის - 27.1 ლარი.