სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასა და განათლების სამინისტროს მიმართავს, სერიოზულად მოეკიდონ საკითხებს, რომელიც თსუ-ს სტუდენტებს ეხება და გულთან მიიტანონ ათასობით სტუდენტის გასაჭირი. დღესვე ომბუდსმენი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტის მონაწილე სტუდენტებს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და უნივერსიტეტის კანცლერს შეხვდა. უნივერსიტეტის კანცლერთან შეხვედრაზე ლომჯარიამ სტუდენტებთან დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის პოლიტიკის სტუდენტის საჭიროებაზე მორგების აუცილებლობას და დაპირისპირებულ მხარეებს შორის მედიაციისთვის მზადყოფნა გამოთქვა. უნივერსიტეტის კანცლერმა განაცხადა, რომ ადმინისტრაცია აუცილებლად გააგრძელებს სტუდენტებთან შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს და ინტენსიურად იმუშავებს პრობლემების გადაჭრისთვის გზების მოსაძიებლად.