გიორგი ვაშაძე საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულებაზე საუბრობს. როგორც 100 დღიანი ტურნეს ფარგლებში, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა ქუთაისში განაცხადა, მთელი საქართველოს მასშტაბით გააქტიურებულია რუსული აგენტურული ქსელები, რომლებიც საზოგადოებაში დეზინფორმაციას ავრცელებენ, მათი იდეოლოგიური წყარო კი „ქართული ოცნების“ ლიდერების ანტიდასავლური განცხადებებია. ვაშაძის შეფასებით, საქართველოს მოქალაქეების განწყობა ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით ერთიანია.
ვაშაძე ასევე გამოეხმაურა ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით, საერთაშორისო ცენტრ „გორბის“ მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივ აზრის კვლევასაც, რომლის თანახმადაც, გამოკითხულ რესპონდენტთა 77,6% ეთანხმება „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, არ ჩაერთოს საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში, 20,8% - არ ეთანხმება.
როგორც ვაშაძემ განაცხადა, „ეს არის რუსი პროპაგანდისტების მიერ დაწერილი ჰიბრიდული ომის სტრატეგიით მართული კამპანია“.