ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. სტუდენტებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გიორგი ჯინჭარაძემ უმასპინძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედროების მემორიალთან სტუდენტები ქვედანაყოფის შექმნის ისტორიასა და ამოცანებს გაეცნენ. სტუდენტებმა ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ჯარისკაცების საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ. მათ სამედიცინო პუნქტი, სპორტული დარბაზები და ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს.
მოგვიანებით გაიმართა საჩვენებელი სწავლება, რომელიც დაჭრილების ევაკუაციასა და დაბრკოლების ზოლის გადალახვას მოიცავდა. ვიზიტორებმა ბრიგადის სასადილოში „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს. ღია კარის დღე სიმულაციურ ცენტრში სროლებით დასრულდა.