"ეს იყო შოკი, ვერ გავუძლებ-მეთქი და ქუთაისში წავედი; რამდენიმე საათში დამირეკეს და მითხრეს, რომ..." - რას ჰყვებიან გლდანში დედა მატრონაზე - Palitra News

"ეს იყო შოკი, ვერ გავუძლებ-მეთქი და ქუთაისში წავედი; რამდენიმე საათში დამირეკეს და მითხრეს, რომ..." - რას ჰყვებიან გლდანში დედა მატრონაზე

2022-06-13 15:33:21+04:00

გლდანში, გმირ კურსანტთა 19 ნომერში, ხალხმრავლობა სწორედ მაშინ შეინიშნება, როცა დედა მატრონა ლოცვას აღავლენს. დედა მატრონას განსაცდელში მყოფი ადამიანები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ხშირად აკითხავენ. ის თითქმის 20 წელია გასაჭირში მყოფი ადამიანებისთვის ლოცვებს აღავლენს, მათ გასაჭირს ისმენს და მათზე ლოცულობს. დედა მატრონასთან ასევე ხშირად მიდიან უშვილო წყვილები. მისი ლოცვის შემდეგ 44 ბავშვი დაიბადა. ლოცვების ჩატარების ერთი კონტრეტული დღე არ არსებობს, ლოცვის დასრულების შემდეგ დედა მატრონა თავად ადგენს, როდის შეხვდებიან კვლავ ერთმანეთს. ლოცვა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდება.

ჩვენი სტუმრობის დროს ლოცვა საღამოს 6 საათზე დაიწყო. მრევლმა გლდანში, კორპუსის პირველ სართულზე, სადაც სამლოცველოა მოწყობილი, შეკრება რამდენიმე საათით ადრე დაიწყო. ლოცვის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ეზო მანქანებით, სამლოცველო კი მრევლით გაივსო. ვინც ხალხმრავლობის გამო სამლოცველოში შესვლა ვერ მოახერხა, ლოცვას ეზოდან უსმენდა.

დედა მატრონას სამლოცველოში გამოჩენას მრევლი სიხარულით შეხვდა.