რუსეთის მთავრობამ საგანგებო სარეზერვო ფონდში დამატებით 9.5 მილიარდი აშშ დოლარი განათავსა - Palitra News

რუსეთის მთავრობამ საგანგებო სარეზერვო ფონდში დამატებით 9.5 მილიარდი აშშ დოლარი განათავსა

2022-06-13 13:33:46+04:00

რუსეთის მთავრობამ საგანგებო სარეზერვო ფონდში დამატებით 9.5 მილიარდი აშშ დოლარი განათავსა. გასულ თვეს კი იგივე ფონდი 13.5 მილიარდი აშშ დოლარით შეივსო. გეტყვით, რომ საგანგებო სარეზერვო ფონდი რუსეთის მთავრობას საშუალებას აძლევს აქტივები საკუთარი სურვილისამებრ გარკვეული პროცესების მხარდასაჭერად მარტივად მიმართონ. მობილიზებული თანხა კი დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე ეკონომიკისათვის მიყენებული ზარალის აღმოფხვრას და ეკონომიკური განვითარების სტაბილურობის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.

საინტერესოა, რომ რეზერვების გაძლიერების მთავარი მიზეზი და წყარო რუსეთიდან ექსპორტირებული ნავთობისა და ბუნებრივი აირისაგან მიღებული შემოსავალია. დასავლეთის მიერ რუსეთის ენერგოსექტორისათვის დაწესებული სანქციების მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკაში ზემოთ აღნიშნული ნედლეულის გაყიდვით ყოველდღიურად ასობით მილიონი დოლარი შეედინება.

როგორც ვიცით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დასავლური სახელმწიფოების თანამეგობრობამ რუსეთის ეკონომიკას სანქციების უპრეცედენტო პაკეტი დაუწესა. რუსეთის ცენტრალურ ბანკს აქტივების თითქმის ნახევარი, 300 მილიარდი აშშ დოლარი გაუყინეს.