მაისში საქართველომ რეკორდული მოცულობის, 504 მილიონი დოლარის საქონელი გაიტანა ექსპორტზე - Palitra News

მაისში საქართველომ რეკორდული მოცულობის, 504 მილიონი დოლარის საქონელი გაიტანა ექსპორტზე

2022-06-13 13:30:45+04:00

საქართველომ მაისში რეკორდული მოცულობის - 504 მილიონი დოლარის საქონელი გაიტანა ექსპორტზე. მსგავსი მაჩვენებლები ამ დრომდე არ დაფიქსირებულა. საქსტატის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით მაისში ექსპორტირებულია 164 მილიონი დოლარით მეტი საქონელი, რაც 48%-იან ზრდას უტოლდება.

ექსპორტთან ერთად, მკვეთრად არის გაზრდილი იმპორტიც, ის მაისში 1.1 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 45%-იან ზრდას აჩვენებს. მთლიანობაში იანვარ-მაისში საქართველოს ექსპორტი წინა წელთან შედარებით 36.2%-ით მეტია.

იმპორტი კი წლიურად 37%-ით არის გაზრდილი. საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, ანუ სხვაობა ექსპორტსა და იმპორტს შორის კი მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 39.5%-ს უტოლდება. აღსანიშნავია, რომ სტატისტიკა ჯერჯერობით არ მოიცავს დეტალურ მონაცემებს, თუ რა დასახელების საქონლის ექსპორტის და რეექსპორტის შედეგად მოხდა საგარეო ვაჭრობის შედეგების ასეთი ზრდა.

ასევე უცნობია რეგიონში კონფლიქტის ფონზე როგორ შეიცვალა ქვეყნებში ექსპორტის მაჩვენებლები კონკრეტულად, რეკორდული მაისის თვის განმავლობაში.