ფორმულა 1 | აზერბაიჯანის რბოლა ფერსტაპენმა მოიგო - Palitra News

ფორმულა 1 | აზერბაიჯანის რბოლა ფერსტაპენმა მოიგო

2022-06-13 09:51:53+04:00

ფორმულა 1-ის მიმდინარე სეზონის მე-8 გრან პრი, რომელსაც აზერბაიჯანის დედაქალაქმა ბაქომ უმასპინძლა, მაქს ფერსტაპენის გამარჯვებითა და რედ ბულის ტრიუმფით დასრულდა. ამავდროულად, რბოლა ფერარის ფიასკოთიც იყო გამორჩეული. იტალიურმა საჯინიბომ კიდევ ერთი გრან პრი ჩააგდო, მიზეზი კი კვლავაც მანქანების ტექნიკური გაუმართაობაა, საბოლოოდ კი ისინი უქულოდ დარჩნენ. მეორე ადგილი ტურნირზე, თითქმის 21 წამიანი ჩამორჩენით, ასევე რედ ბულის წარმომადგენელმა სერხიო პერესმა დაიკავა.

სამეულში მოხვდა მერსედესის პილოტი ჯორჯ რასელი, ხოლო მერსედესის კიდევ ერთი წარმომადგენელი და მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონი ლუის ჰემილტონი მე-4 იყო. მიუხედავად ამისა, დღის მბროლელად სწორედ ლეგენდარული ბრიტანელი დასახელდა.

ბაქოს გრან პრის შემდეგ მაქს ფერსტაპენი 150 ქულით ლიდერია, ხოლო შარლ ლეკლერი მე-3 ადგილზე დაქვეითდა (116 ქულა). მას სერხიო პერესმა გადაასწრო, რომლის აქტივშიც უკვე 129 ქულაა.