შვეიცარიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა - Palitra News

შვეიცარიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა

2022-06-13 08:10:02+04:00

შვეიცარია რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე ეტაპობრივ ემბარგოს აწესებს, ხოლო სრული ემბარგო ძალაში 2023 წლის დასაწყისისთვის შევა. ასევე, შვეიცარია რუსეთის ფინანსური სექტორის აუდიტორულ და საკონსულტაციო მომსახურებას წყვეტს, ხოლო ზოგიერთ რუსულ მედიაში (RT, Sputnik და სხვ.), რეკლამის განთავსებას კრძალავს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის მთავრობა ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.

გარდა ამისა, მთავრობა სანქციებს დაუწესებს 100-ზე მეტ რუს, ბელარუს პირსა და ორგანიზაციას. მათ შორის არიან სამხედრო მოსამსახურეები, პოლიტიკოსები, ოლიგარქები და მათი ოჯახის წევრები. მაგალითად, მთავრობის განცხადებაში ნახსენებია რუსი მილიარდერის, ანდრეი მელნიჩენკოს მეუღლე, ალექსანდრა. ასევე, სანქციები დაუწესდებათ დეზინფორმაციასა და პროპაგანდაში ჩართულ პირებს.

ამგვარად, შვეიცარიას სანქციებს დაქვემდებარებული ადამიანებისა და ორგანიზაციების სია ევროკავშირის ჩამონათვალთან შესაბამისობაში მოჰყავს. მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ შვეიცარია ცდილობს, რუსეთზე დაწესებული შეზღუდვები ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტს მიუსადაგოს.