საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად ბათუმში სპორტული ფესტივალი გახსნა. ფესტივალის მონაწილე ქართველი და უკრაინელი მოსწავლეები ერთმანეთს ფრენბურთში, ხელბურთსა და მხიარულ სტარტებში შეეჯიბრნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა ბათუმის რამდენიმე სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვანი სექტორები დაფუძნდა, სადაც პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით უკრაინულ ენაზე მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. გარდა ამისა, უკრაინელი მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ამ დროისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლაში 1000-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე იღებს განათლებას. აქედან, 400-ზე მეტი მოსწავლე უკრაინულენოვან სექტორებზე სწავლობს.