ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში ინფლაცია წელს, საშუალოდ, 9%-მდე დაჩქარდება, რაც დეკემბერში მოსალოდნელ მაჩვენებელზე ორჯერ მეტია. ამის შესახებ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ახალ პროგნოზში წერია. პრობლემა ყველაზე მწვავედ ორგანიზაციის წევრი ევროპის ქვეყნებისთვის დგას. ეკონომისტების შეფასებით, წელს ნიდერლანდებში ინფლაცია 9%-ს გადააჭარბებს, დიდ ბრიტანეთში კი ფასების 8%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი.
აშშ-ზე კი ორგანიზაციის პროგნოზი გაცილებით მოკრძალებულია. კერძოდ, ინფლაცია 6%-ის ფარგლებში არის ნავარაუდევი. ამასთან, ეკონომისტებმა 2022 წელს გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზი 3%-მდე შეამცირეს.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მთავარი ეკონომისტი ლოურენს ბუნი ვარაუდობს, რომ თუ ენერგორესურსების ფასები მოიმატებს ან ცენტრალური ბანკები ინფლაციის შესაჩერებლად საპროცენტო განაკვეთებს გაზრდიან, ზოგიერთ დასავლურ ეკონომიკას შესაძლოა, რეცესია დაემუქროს.
მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირებაზე ასევე უკრაინაში არსებული ვითარება და ჩინეთის კოვიდშეზღუდვები მოქმედებს. ამასთან, მოხსენებაში ნათქვამია, რომ მთავრობებისთვის პრიორიტეტი სურსათის დეფიციტის მოგვარება უნდა იყოს, რაც საფრთხეს უქმნის აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანას.