„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის 1-ელ კვარტალში 568.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 435.7 მლნ აშშ დოლარით (4.3-ჯერ) აღემატება 2021 წლის 1-ლი კვარტალის წინასწარ მონაცემებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ზრდა ძირითადად განპირობებულია სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციის მაჩვენებლების გაზრდით.
აღსანიშნავია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბოლო 17 წლიან მაქსიმუმზეა. უფრო კონკრეტულად, „საქსტატის“ მონაცემებით, 2006 წლიდან მოყოლებული წლის 1-ელ 3 თვეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი სწორედ 2022 წლის იანვარ-მარტში იყო. ამაზე ოდნავ მცირე - 540.1 მლნ აშშ დოლარი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ქვეყანაში 2008 წლის 1-ელ კვარტალში განხორციელდა.