რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, სერბეთში მისი ვიზიტის გარშემო შექმნილი ვითარება წარმოუდგენელია. მისი თქმით, ევროკავშირისა და ნატო-ს ქვეყნებმა ბელგრადს სუვერენული პოლიტიკის გატარების უფლება ჩამოართვეს. ლავროვის მტკიცებით, ის ფაქტი, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერბეთში ვიზიტი დასავლეთის მიერ გლობალური მასშტაბის საფრთხედ აღიქმება, ნიშნავს, რომ „დასავლეთში საქმე საკმაოდ ცუდადაა“. სერბეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ვიზიტი გაუქმდა, რადგან სერბეთის სამმა მეზობელმა ქვეყანამ, ბულგარეთმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ და მონტენეგრომ რუსი დიპლომატის თვითმფრინავისთვის თავიანთი საჰაერო სივრცე დახურეს.