რუსეთის ეროვნულმა ანგარიშსწორების დეპოზიტარმა, მის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დაწესების შემდეგ, საგანგებო მდგომაროება აღიარა და ევროში ოპერაციები შეაჩერა. ევროკავშირმა თავის ოფიციალურ ჟურნალში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები 3 ივნისს გამოაქვეყნა, რის შემდეგაც ისინი ოფიციალურად ამოქმედდა.
შეზღუდვების მეექვსე პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირმა ახალი სანქციები 65 რუსს და 18 იურიდიულ პირს, მათ შორის რუსეთის ეროვნული ანგარიშსწორების დეპოზიტარს დაუწესა. აქამდე რუსეთის ფინანსთა სამინისტრო სუვერენული ვალის დოლარსა და ევროში გადახდას ანგარიშსწორების ეროვნული დეპოზიტარისთვის თანხის გადარიცხვით ახორციელებდა.
ევროკავშირის მეექვსე პაკეტის სანქციებამდე, რუსეთს სუვერენული ვალის დოლარში გადახდის ლიცენზია აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმაც აღარ გაუგრძელა, რომლის ვადაც 25 მაისს ამოიწურა.