კახეთში ლოპოტას მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური საქველმოქმედო მარათონი - „გარბენი უკრაინისთვის“, ტარდება. ღონისძიების ორგანიზატორი სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდია.საქველმოქმედო გარბენიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. მარათონში ასობით ადამიანი იღებს მონაწილეობას. გარბენის დისტანცია რვა კილომეტრია და ის სოფელ გრემთან დასრულდება. გამარჯვებულები ქალებისა და მამაკაცების კატეგორიაში გამოვლინდებიან და ფასიანი პრიზები გადაეცემათ. უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე ასეთი მასშტაბის საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება საქართველოში არ ჩატარებულა.გარბენის გარდა, 5 ივნისს კახეთში სხვადასხვა სპორტული და გასართობი აქტივობებია დაგეგმილი, ადგილზე უკრაინელი ბავშვების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. დღის ბოლოს ,მარათონი ჯგუფ „მგზავრების“ სოლო კონცერტით დასრულდება.