ფარშევანგი - უძველეს ინდურ კულტურაში სიამაყისა და პატივმოყვარეობის, უკვდავებისა და უზრუნველი ცხოვრების სიმბოლოდ ქცეული ფარშევანგი, თანამედროვე სამყაროშიც უძლიერეს თილისმად ითვლება, რადგან ამბობენ, თითქოს, ფრინველის ულამაზესი კუდის ბუმბულს სიმდიდრისა და კეთილდღეობის, იღბლისა და წარმატების მოზიდვა შეუძლია.
სხვათა შორის, უმსხვილეს ფრინველად მიჩნეულ ფარშევანგს, ჯერ კიდევ რომის იმპერიაში აშენებდნენ, თუმცა ქათმისნაირთა რიგის წარმომადგენელ, ეგზოტიკურ საოცრებად წოდებული ფარშევანგს გასტრონომიული დანიშნულება უფრო ჰქონდა, ვიდრე ესთეტიკური, რადგან სხვადასხვა სუნელით შენელებული მისი ხორცი უძვირფასეს და უგემრიელეს დელიკატესად ითვლებოდა.
აზიის ქვეყნებში, მეტწილად ინდოეთისა და პაკისტანის, შრი-ლანკის, ბანგლადეშისა და ნეპალის ველურ ბუნებაში გავრცელებული ფარშევანგი მაქსიმალურად გაურბის გაშლილ სივრცეს და მეტწილად ტყესა და ჯუნგლებში, დასახლებულ პუნქტებთან და კულტივირებულ მიწის ნაკვეთებთან ახლოს სახლდება ხშირ ბუჩქნარსა და მდინარის ნაპირზე.
მდედრზე გაბარიტული მამრის წონა საშუალოდ 4-4,5 კილოგრამს შეადგენს, ტანის სიგრძე კი, 100-125 სანტიმეტრს აღწევს. ფრინველს, რომელიც მჭახე, ნაკლებად სასიამოვნო ხმით და სხვადასხვა ფერში აჭრელებული შებუმბვლით გამოირჩევა, გრძელი კისერი და პატარა თავის აქვს მცირე ქოჩრით.
მართალია, სხვა ფრინველისგან ფარშევანგს ულამაზესი შებუმბვლა და მარაოსებრი კუდი გამოარჩევს, რომელიც მის სავიზიტო ბარათად ითვლება, მაგრამ მსგავსი სილამაზით მხოლოდ მამრს შეუძლია თავის მოწონება, მდედრს კი, ნაკლებად გაუმართლა, რადგან მისი ბუმბული მეტწილად მონაცრისფრო-მურა ფერისაა. აღსანიშნავია, რომ ფრინველი მეტად ორიგინალურადაა შებუმბლული, რადგან მოკლე ყოველთვის გრძელ ბუმბულს ფარავს, რომლის სიგრძე 1,5 მეტრს აღწევს და აუცილებლად ე.წ. „თვალით“ ბოლოვდება.
სხვათა შორის, ფარშევანგი ის იშვიათი ფრინველია, რომლის ოჯახი არა სახეობების, არამედ ფერების მიხედვით იყოფა და პრაქტიკულად ყველა ფერის ფრინველს აერთიანებს თეთრის, შავის, მეწამულის, მოწითალო-მწვანის და ვერცხლისფრის ჩათვლით.